დავით ბაქრაძე ლიტვის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს ანდრიუს კრივასს შეხვდა.
დავით ბაქრაძემ ლიტვის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ურყევი მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი; ისაუბრეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესზე. დავით ბაქრაძემ ლიტვურ მხარეს გააცნო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელების საკითხები. ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რიგის სამიტზე შესრულებული ვალდებულებებით წარსდგება.
შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ საქართველოს მთავრობის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზეც ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩამოყალიბების პროცესშია ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესის გაერთიანებები და პროფესიული კავშირებიც გაერთიანდებიან.
თავის მხრივ, ანდრიუს კრივასმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ნატო-ს წლიური ეროვნული პროგრამის შთამბეჭდავი შესრულება, დაადასტურა ლიტვის ხელისუფლების მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და გამოთქვა მზაობა, როგორც საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ასევე, ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტის-წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების პროცესში გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები