ზუგდიდის სკოლის პედაგოგი: ფილმის ჩვენებაზე მოსწავლეები არ შემინიშნავს

ზუგდიდის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა ახალაია „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დოკუმენტური ფილმი „სააკაშვილის სისხლიანი კრონიკა“, რომელიც შაბათს ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში აჩვენეს, ტელევიზიის საშუალებით ადრეც ჰქონდა ნანახი. მისივე თქმით, მას ფილმი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ ეთერით ჰქონდა ნანახი.
ინფორმატიკის პედაგოგი ხათუნა ახალაია აცხადებს, რომ ფილმში გამოყენებული იყო სააკაშვილის დროინდელი ხელისუფლების აქციის დარბევის კადრები, როგორც 26 მაისის, ასევე 7 ნოემბრის.
„შაბათს ზუგდიდში კომბინატის დასახელებაში არსებულ დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციამ აჩვენა ფილმი „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ეს ფილმი არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩამოიტანა, თუმცა ფილმში აღბეჭდილი კარდები ჩემთვის ახალი არ ყოფილა. ეს კადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ეთერითაც მინახავს. იყო 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციის დარბევის კადრები, კიდევ იყო ე.წ. კასრებში აღმოჩენილი კადრები, თუმცა ესეც მქონდა ნანახი ტელევიზიის საშუალებით, ასე, რომ ახალი იქ არაფერი არ ყოფილა. მე ისედაც ნანახი მქონდა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ხათუნა ახალაიამ.
მისი თქმით, მას ზუგდიდის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები დარბაზში არ შეუნიშნავს. ხათუნა ახალაიას ინფორმაციით, ფილმის ჩვენების შემდეგ იმავე დარბაზში ფესტივალის ფარგლებში კონცერტი გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, ზუგდიდში კომბინატის დარბაზში დოკუმენტური ფილმის „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის“ ფილმი იყო ნაჩვენები, სადაც სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. რასაც, სოციალურ ქსელში ხმაური მოჰყვა.
ამ ფაქტს, პარტია „ქართული ოცნება“ გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა. პარტიამ დოკუმენტური ფილმის „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“ არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო შეშფოთება გამოთქვა.
“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოთქვამს შეშფოთებას “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი შემზარავი კადრების შემცველი დოკუმენტური ფილმის არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო. მოვუწოდებთ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ მომხდარი, გამოავლინონ პასუხისმგებელი პირები და მიიღონ ყველა ზომა, რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ფაქტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები