წულუკიანის უწყების მაღალჩინოსანს ეროვნული საგანძურის მითვისებაში ადანაშაულებენ – რა კავშირი აქვს ადეიშვილს მომხდართან?

ყოფილი პატიმარი ანტონ ქაჯაია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს საჯაროდ სდებს ბრალს ეროვნული საგანძურის მითვისებაში. ანტონ ქაჯაიას მტკიცებით, გენერალური ინსპექციის უფროსმა საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ყორღანი გაძარცვა და იქ არსებული ოქროს უნიკალური ნაკეთობები, ზურაბ ადეიშვილის დახმარებით, ქვეყნიდან გაიტაცა.
„2 პიროვნებასთან ერთად დამაკავეს 2012 წლის სექტემბერში. საქმე ეხებოდა კონტრაბანდული გზით ანტიკური ხანის ნივთების ქვეყნიდან გატანას. ეს ნივთები იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 საუკუნის მოოქროვილი თასი და ოქროს რამდენიმე სამკაული. ამ საქმეში თავიდანვე ჩაერთო იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინპექცია და საქმეს მისი უფროსი ნიკოლოზ ბიწკინაშვილი ხელმძღვანელობდა. ნივთები ჩამოგვართვეს და დაიწყო ზეწოლა, მუქარა, რომ გვეთქვა, როგორ ჩაგვივარდა ხელში ეს ნივთები. ჩვენ ავუხსენით, რომ კერძო კოლექციაში გვქონდა, მაგრამ ამის დაჯერება არ უნდოდათ. ზეწოლით რომ არაფერი გამოუვიდათ, მერე პირდაპირ გვითხრეს, საპროცესოთი გაგიშვებთ, ოღონდ გვითხარით, საიდან გაქვთ წამოღებული ეს საგანძურიო. ალბათ, ეგონათ, რომ რომელიმე მუზეუმის საკუთრება იყო. ბოლოს ერთ-ერთმა ჩვენგანმა, ვისაც უშუალოდ ეკუთვნოდა ნივთები, თქვა, ოქროს სამკაულები ლაგოდეხში, ერთ-ერთ ყორღანთან ახლოს აღმოვაჩინეო… როგორც გაირკვა, ეს სიმართლე იყო, ოღონდ ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით.
ამის შემდეგ წაგვიყვანეს ლაგოდეხისკენ და ამ ადამიანმა აჩვენა ტერიტორია, სადაც უძველესი სამარხი იყო… გაკეთდა საპროცესო, სამივე გამოგვიშვეს ციხიდან, მანამდე კი სანამ გაგვათავისუფლებდნენ, პირადად ნიკოლოზ ბიწკინაშვილმა შემოგვთავაზა თანამშრომლობა… პირდაპირ გვითხრა, თუ სხვა უძველეს დიდგვაროვანთა სამარხებზე მივაწვდიდით ინფორმაციას, პრივილეგიებსა და ფულად ჯილდოსაც კი მივიღებდით. იქვე დააყოლა, რომ ამ ინფორმაციით ზურაბ ადეიშვილიც იყო დაინტერესებული და წინასწარ მადლობაც გადაგვიხადა… თავად იყვნენ დაინტერესებულნი სამარხიდან საგანძურის ამოღებითა და მითვსებით. ეს ნივთები „შავ ბაზარზე“ ძალინ მაღალ ფასად იყიდება. მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ მათ რამდენიმე ყორღანი გახსნეს, მათ შორის ლაგოდეხშიც. სწორედ ის სამარხი, რომელიც ვაჩვენეთ“, – ამბობს ყოფილი პატიმარი ქაჯაია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
გამოცემის ცნობით, ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ უძველესი სამარხით გენერალური ინსპექციის თანამშრომლები იყვნენ დაინტერესებულნი და სწორედ მათი თანდასწრებით გაიხსნა სამარხები.
„როგორც მე მახსოვს, ეს იყო პროკურატურასთან არსებული ჯგუფი, რომელიც გამოძიებას აწარმოებდა შავ არქეოლოგიასთან დაკავშირებით. გვაჩვენეს ფოტოებიც, სადაც სამარხები იყო და აინტერესებდათ, გვქონდა, თუ არა ჩვენ გათხრილი ეს სამარხები და მუშაობდა თუ არა ექსპედიცია. მე რაც ვნახე, ის სამარხები არ იყო ჩვენ მიერ გათხრილი“, – ამბობს არქეოლოგიური ცენტრის არქეოლოგი გოგოჭური.
მისივე თქმით, საუბარი იყო ასევე ანანურის სამარხზეც.
„ჩვენ ნივთებიც შევაფასეთ. გვაჩვენეს ამოღებული ნივთები, რომელიც სარფის საბაჟოზე დააკავეს. იქ იყო რაღაც ნივთები, რომლებიც შესაძლოა, სამარხიდან იყო ამოღებული. სად წავიდა ეს ნივთები და რა შედეგით დასრულდა გამოძიება, ჩემთვის უცნობია“, – აცხადებს გოგოჭური.
იუსტიციის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გენერალური ინსპექცია ამ ბრალდებებს სარჩელით უპასუხებს, და თუ ვერ დაამტკიცეს, რომ რაღაც არის მიტაცებული, პასუხის აგებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები