პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი საბოლოოდ დაზუსტებული არ არის

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის წესი და ფორმატი საბოლოოდ დაზუსტებული არ არის – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კვერენჩხილაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტის დღევანდელი ბიუროს სხდომის შემდეგ უკვე საბოლოოდ გახდება ცნობილი პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის წესი და ფორმატი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, პრეზიდენტი ნებისმიერი ფორმატისთვის, მათ შორის დებატებისთვის მზადაა.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ პრეზიდენტი თავად იკავებს თავს დებატებისგან და მკვეთრად არ გამოხატავს თავის პოზიციას, კვერენჩხილაძემ განაცხადა, რომ ზოგადად პოზიცია, რომ პრეზიდენტთან სადებატო არაფერი გვაქვს, იმთავითვე მცდარია.
“გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი, შესაბამისად, დებატები პრეზიდენტთან კი არ უნდა გაიმართოს, არამედ პრეზიდენტის მიერ ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით გაცხადებული პოზიციის ირგვლივ. რაც შეეხება ზოგიერთი პარლამენტის წევრის, მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებას, მისი საპარლამენტო თუ პოლიტიკური ცხოვრების კულტურა უკვე აღარ იწვევს სურვილს, ამ განცხადების ავტორებთან პოლიტიკური დებატების გამართვის”, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები