„წინ, ელიტისაკენ“ – თაინ ო’კონელის წიგნის თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება

5 მარტს, 19:00 საათზე კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში ბრიტანელი მწერლის თაინ ო’კონელის წიგნის „წინ, ელიტისაკენ“ თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ქართულად მანანა ბოსტოღანაშვილმა თარგმნა. ბრიტანელი მწერალი თაინ ო’კონელი რომანტიკული კომედიების ავტორია. მისი ბესტსელერები, 13 რომანი და ნოველები, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გამოცემული. ლაღი, იუმორით სავსე, კვიმატი ენით აღწერილი, ელვისებურად ცვალებადი მოვლენები მწერლის გამორჩეული ხელწერაა.
ახალგაზრდა მთარგმნელი მანანა ბოსტოღანაშვილი 17 წელია თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას ინგლისური და ფრანგული ენებიდან. 2003, 2009 და 2014 წლებში მიიღო საფრანგეთის კულტურის სამინისტროს წიგნის ეროვნული ცენტრის სტიპენდია მთარგმნელებისათვის. მას ეკუთვნის ცნობილი მწერლების შარლოტ კიტლის პიესა „დედამ მითხრა“, რომელიც 2004 წელს გამოიცა და შესულია ლონდონის ეროვნულ თეატრში დადგმულ 100 საუკეთესო პიესას შორის.
სხვადასხვა დროს გამოცემული ქართული თარგმანებია, ფრანგი მწერლების ამელი ნოტომის „მკვლელის ჰიგიენა“ (2002წ.), „კატილინას წინააღმდეგ“ (2004წ.) იზაბელ ებერარდის „მოგზაურობა მაღრიბში“ (2010წ.), დანიელ პენაკის „კაციჭამიათა საბედნიეროდ“ (2014წ.).
წიგნში „წინ, ელიტისაკენ“ მოთხრობილია გოგონაზე, რომელიც უცნაურ სიებს წერს. სასკია უილიამსი ესწრაფვის, გახდეს ახალგაზრდა ბრიტანელი მხატვრების გამოფენების კურატორი ლონდონის მდიდრულ გალერეაში, რომელშიც იგი მუშაობს. ხელი სთხოვოს საყვარელმა ადამიანმა და მეგობრებთან ერთად ნიუ-იორკში გაემგზავროს. თუმცა, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ყველაზე მიმზიდველი კაცი შემოაბიჯებს მის გალერეაში და მთელ გამოფენას შეიძენს, ყველაფერი იცვლება. განვითარებულ მოვლენებს ვერანაირი სია ვერ დაიტევს…
წიგნი „წინ, ელიტისაკენ“, რომელიც განეკუთვნება რომანტიკული კომედიის ჟანრს, წარდგენილია ლიტერატურულ პრემია „საბაზე“, ნომინაცია – წლის საუკეთესო თარგმანი. წიგნის პრეზენტაციის მხარდამჭერია კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები