გიორგი ქადაგიძე: ეროვნული ბანკის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას პასუხობს. როგორც ქადაგიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეროვნული ბანკი მოსალოდნელი პრობლემების შესახებ ხშირად საუბრობდა, თუმცა, როგორც ქადაგიძე აცხადებს, ნაცვლად მათი არგუმენტების მოსმენისა, მათ მიიღეს ეროვნულ ბანკზე შეტევის მცდელობა.
ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის არგუმენტების გაზიარების ნაცვლად, ეკონომიკური ბლოკის იმ წევრების არგუმენტების გაზიარება მოხდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ყველაფერი კარგად არის.
„ბოლო დროს ეროვნული ბანკის მიმართ წარმოებს მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია. ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ჩვენ განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იყო ოპტიმისტური და საჭიროებდა გადახედვას. ნაცვლად იმისა, რომ მოსმენილიყო ჩვენი არგუმენტები, ჩვენ მივიღეთ ცილისწამების ტალღა და პოლიტიკურ საბოტაჟში დადანაშაულება. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2013 წლის ბოლოს მივიღეთ განახევრებული ეკონომიკური ზრდა.
2013 წლის ზაფხულიდან ჩვენ არაერთხელ დახურულ თუ ღია შეხვედრებზე განგვიცხადებია, რომ არათანაბარ ხარჯვას აქვს უარყოფითი შედეგი გაცვლით კურსზე და წარმოადგენს პრობლემას. აქაც წლის ბოლოს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გამართლდა ჩვენი პროგნოზი და 2013 წლის ბოლოს მივიღეთ ზეწოლა ლარის კურსზე. იმისთვის, რომ კურსის დევალვაცია არ მომხდარიყო ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინტერვენცია სიტუაციის დასაბალანსებლად. მაშინ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან პრობლემა გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და არა ფუნდამენტური მიზეზებით.
2014 წლის აგვისტოდან, როდესაც ჯერ კიდევ ტურისტული პიკის სეზონში, ჩვენ ვერ შევძელით სავალუტო რეზერვის აკუმულირება, ხოლო აგვისტოს მერე გამოჩნდა პირველი ნიშნები ექსპორტის შემცირების და იმ პრობლემებისა, რომელიც სავარაუდოდ, თავს იჩენდა შემდგომ თვეებში, სამწუხაროდ, ისევე გაზიარებული იყო არგუმენტები ეკონომიკური ბლოკის იმ წარმომადგენლებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველაფერი არის კარგად და არანაირი ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს. ნაცვლად ჩვენი არგუმენტების მოსმენისა, ჩვენ მივიღეთ ნიღვარი შეკვეთილი სტატიებისა და ახლადგამოჩეკილი ექსპერტების მხრიდან მცდელობა გაეკეთებინათ ეროვნულ ბანკზე მორიკი შეტევა“, – განაცხადა ქადაგიძემ.