თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისს“ წარმოადგენს

28 თებერვალს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისს“ წარმოადგენს. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელმაც შემდეგ ოპერის სიუჟეტი და ლიბრეტოც შექმნა. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. ოპერის პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს თბილისში შედგა. „დაისის“ წარმატებულ პრემიერას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ლეგენდარულმა მომღერალმა ვანო სარაჯიშვილმა, რომელიც მალხაზის როლს ასრულებდა.
ზაქარია ფალიაშვილის უკვდავმა ოპერამ „დაისმა“ პირველივე წარმოდგენიდან დაიმკვიდრა მუდმივი ადგილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარში. წლევანდელ სპექტაკლ-კონცერტში მთავარ პარტიებს შეასრულებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები – ოთარ ჯორჯიკია, თამაზ საგინაძე და სტაჟიორი მომღერლები: მარიამ ტურაშვილი, ნანა ძიძიგური, ალუდა თოდუა, გოდერძი ჯანელიძე; თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი, დირიჟორი რევაზ ტაკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები