ლევან ჟორჟოლიანი: მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად, 300 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვისა და დაზოგვის შედეგზე გავედით

300 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვისა და დაზოგვის შედეგზე გავედით, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიზანია, რომ სახელმწიფომ შესყიდვებში არც მეტი და არც ნაკლები არ გადაიხადოს, უნდა გადაიხადოს საბაზრო ღირებულება და მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქტი.

„მთავრობის ადმინისტრაციას აქვს 2 უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ერთი არის მაკოორდინირებელი ფუნქცია, რომელმაც უნდა დააკორდინიროს ყველა სამთავრობო უწყება, რათა ის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომლებიც გაცხადებული აქვს მთავრობას მიღწეული იქნას დათქმულ დროსა და ვადაში და ასევე აქვს მაკონტროლებლის ფუნქცია, იმიტომ, რომ თვითონ პრემიერ-მინისტრის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა სამთავრობო უწყებების კონტროლი. შესაბამისად, სამთავრობო გადაწყვეტილებების ეფექტიანად აღსრულების კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შედეგები. მხოლოდ 6 თვეა, რაც ეს დეპარტამენტი შეიქმნა, 2025 წლის მეორე ნახევრიდან მუშაობს და საქმიანობის ეფექტმა უკვე შეადგინა ზუსტად 292 მილიონი ლარი, 300 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვისა და დაზოგვის შედეგზე გავედით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ადრე, მაგალითად იგივე შესყიდვების სფეროში ყოველთვის შესყიდვები და შესყიდვის პრაქტიკები იყო აქილევსის ქუსლი ნებისმიერი ადმინისტრაციის თუ მთავრობის, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს სჭირდებოდა გადაჭრა.

ამ საქმის პროფესიონალები შევკრიბეთ და ვუთხარით, რომ თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ იდეალური შესყიდვების სისტემა, რომ იყოთ გადაწყვეტილების მიმღები პირები, არა იმიტომ, რომ ვინმეს დავალება ან საერთაშორისო ვალდებულებაა, თქვენ როგორც მიგაჩნიათ სწორად, ის სისტემა ჩამოვაყალიბოთ. ჩვენ რამდენიმე ცვლილებაც გავაკეთეთ, როგორც კანონმდებლობაში, ასევე მთავრობის დადგენილებების დონეზე, ასევე შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანებებში შევიდა ცვლილებები. შევიმუშავეთ ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა, რომელიც გაეშვა და პირველი იანვრიდან უკვე სავალდებულოა ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, რაც ფაქტობრივად ბაზრის კვლევის ეტაპზე, რაც შესყიდვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ ფასს იქიდან ვიღებთ, მანიპულაციებს 99%-ით აზღვევს. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ სამშენებლო ფასებთან მიმართებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, სამხარაულის ბიუროც ჩართული გვყავდა და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, დავადგინეთ სამშენებლო პროექტებზე ხელფასების საბაზრო ღირებულება. ამ წელს გვექნება მასალების და მანქანა-მექანიზმების საბაზრო ღირებულებები. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ შესყიდვებში არც მეტი და არც ნაკლები არ გადაიხადოს. უნდა გადაიხადოს საბაზრო ღირებულება და მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქტი“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები