გიორგი ჭირაქაძე: ლარის კურსი არაადეკვატურია და ის ნამდვილად დაიწყებს გამყარებას
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ლარის დღევანდელი კურსი არაადეკვატურია და ის აუცილებლად დასტაბილურდება.
მისი შეფასებით, გარეშოკებთან შედარებით ლართან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი არაადეკვატურია. ჭირაქაძე ვარაუდობს, რომ მოკლე ვადაში ლარის კურსი შესაძლოა დოლართან მიმართებაში გახდეს 1.90-2,00. თუმცა მომავალში იგივე რომ არ განმეორდეს, ხელისუფლებამ სწორი და სწრაფი ნაბიჯები უნდა გადადგას.
“ძალიან ბევრი რესურსია ხელისუფლებაში რომ სიტუაცია მალე გამოსწორდეს და დასტაბილურდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯები იქნას გადადგმული, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს ბიზნესთან, განსაკუთრებით კრიზისული სიტუაციების დროს. დღეს რა მდგომარეობაცაა ყველამ ვიცით, პანიკური სიტუაციაა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ხელისუფლების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს სიტუაცია მოგვარდეს. ლარის დღევანდელი კურსი არაადეკავატურია და ის ნამდვილად დაიწყებს გამყარებას. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად ლარის გადახურდავება დოლარში შექმნილი ვითარების გამო”, – განაცხადა ჭირაქაძემ.