გიორგი ქადაგიძე: ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, არსებული მონაცემებით, ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს. როგორც გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბევრჯერ ითქვა იმ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, თუ რამ გამოიწვია ლარის დევალვაცია და ეს სავალუტო შემოდინების შემცირებას უკავშირდება.
„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ მივიღეთ ლარის 30%-იანი გაუფასურება. ეს ჯერ ბოლომდე არ ასახულა იმპორტზე. იმპორტზე ასახვა მოხდება და დაწყებულია, რაც ნიშნავს, რომ იმპორტი შემცირდება. იმპორტის შემცირება თავისთავად ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე. შესაბამისად, ლარი არსებული მონაცემებით, უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს”, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე ინფორმაციით, მოკლევადიან მერყეობაზე მოლოდინები ყოველთვის ახდენს გავლენას და ეს ყველაზე ნათლად ჩანს მაშინ, როცა ოფიციალური კურსი და კომერციული კურსები ერთმანეთისგან განსხვავდება და ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა იზრდება.
“როგორც წესი, ყოველთვის ეს არის რამდენიმედღიანი შუალედი. როგორც კი გარკვეული ტიპის აჟიოტაჟი და მოლოდინები დაწყნარდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო”, – აღნიშნა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.
“ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტი არის ეროვნული ბანკი და ეს ასეც იქნება, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია. მეორე მხრივ, გვაქვს ეკონომიკური შოკი, რომელზეც ხდება რეაგირება. ამის შედეგად კურსი უკვე გაუფასურდა – სამწუხაროდ, 30 %-იანი გაფასურებაა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუფასურება, რომელიც ახლა იმპორტზე აისახება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ველოდებით, რომ ლარი დასტაბილურდება”, – განაცხადა მან.
ქადაგიძის თქმით, იმისთვის, რომ ლარის კურსს ჰქონდეს გამყარების მიმარულება, უნდა გამოსწორდეს ფუნდამენტური ფაქტორები და ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს. “ეს არის საშუალო და გრძელვადიანი მთავარი გამოსავალი ამ თემებიდან. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის მიმართული და ამის მთავარი არსია, შევარბილოთ იმ პროცესების ნეგატიური გავლენა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ ამ პროცესებს ვუდგებით ძალიან დიდი ყურადღებით და გულისხმიერებით. არ გვაქვს უფლება, დავუშვათ შეცდომა, იმიტომ რომ ჩვენს ჩარევას აქვს კონკრეტული ფასი. არის სხვადასხვა ტიპის კომენტარი დაგვიანებულ რეაქციასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ გვიან დავიწყეთ მოქმედება. ეს ასე არ არის და არ არის, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩვენს ჩარევას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული ფასი, გამოხატული ეკონომიკურ ზრდაში, საპროცენტო განაკვეთების გაზრდაში, გაყიდვების შემცირებასა და ა.შ. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიმოქმედოთ ისე, რომ ერთი მიმართულებით სიტუაცია დავასტაბილუროთ და მეორე მიმართულებით უარესი შედეგი მივიღოთ. ჩვენ ვართ ძალიან თანამიმდევრულები და ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ”, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები