გიორგი ქადაგიძემ ბანკებს ერთკვირიანი ვადა მისცა – როგორ შეუმსუბუქდებათ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებმაც სესხი დოლარში აიღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სთხოვა, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ, შემოსავალი კი – ლარებში. როგორც გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საუბარია სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე, რათა ყოველთვიური სესხის მომსახურების თანხა შემცირდეს, რომ შვება იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სესხი დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში აქვთ.
მისივე თქმით, ეს არ არის საკითხის ფუნდამენტური მოგვარება, მაგრამ ვიდრე აღდგება სავალუტო შემოდინებები, ფუნდამენტური ფაქტორები გამოსწორდება, ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, იქამდე ეს იქნება გარკვეული შვება ადამიანებისთვის.
“ამ მიმართულებით ყველა ბანკი ძალიან მოქნილი იქნება. ერთკვირიანი სამუშაო ვადა მივეცით და ზუსტად ერთ კვირაში ჩვენ გვექნება გეგმები სათითაოდ, ყველა ბანკის მიხედვით”, – განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მიდგომები ინდივიდუალური იქნება, რადგან შეუძლებელია ამის სტანდარტიზაცია გაკეთდეს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის კომპეტენცია ვრცელდება კომერციულ ბანკებზე. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ისინი არ რეგულირდებიან. მისივე თქმით, ყველა კორპორაციულ ბიზნესს, მათ შორის კომერციულ საბანკო სექტორს ევალება, სოციალურად პასუხისმგებლიანი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები