ნოდარ ხადური: “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის ფარგლებში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები არ შემცირდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მტკიცებით, “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის ფარგლებში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები არ შემცირდება. როგორც ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არც საჯარო დაწესებულებებში შტატების შემცირებას გულისხმობს. “სხვა უამრავი ადმინისტრაციული ხარჯიც არსებობს, რომელთა შემცირებას შესაძლებელია”, – აღნიშნა ხადურმა.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებას, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პროგნოზის დაზუსტებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას აპირებს.
“ქამრების შემოჭერა პირველი ადეკვატური ნაბიჯია, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა კურსის ცვლილების გამო. რა თქმა უნდა, პირველად მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ამ კვირაში დეტალიზებულ შემცირების გეგმას წარმოვადგენთ. საუბარია დაახლოებით იმავე პროცენტით შემცირებაზე, რაც მოხდა დევალვაციის პირობებში. დაახლოებით 12 -პროცენტიანი დევალვაციაა და ამავე რაოდენობის ხარჯების შემცირებას მოვახდენთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები