მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, დღეს თავდაცვის სამინისტროში მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა. სპორტულ ასპარეზობაში ერთმანეთს აფხაზეთის ომში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ თანამშრომელთა გუნდები შეეჯიბრნენ.
ამხანაგურ მატჩს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მისი მოადგიელ გოჩა რატიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის და სსტც „დელტას“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
მატჩს საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მიერ მოვლენილი პროფესიონალი არბიტრი აკვირდებოდა. თამაში, ანგარიშით 24:21, დაჭრილი სამხედროების გამარჯვებით დასრულდა.
ბრძოლებში დაჭრილი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი საქართველოში პირველად შეიქმნა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად, რეაბილიტაციის პროცესში სსტც „დელტაც“ აქტიურად მონაწილეობს. სპეციალურად მჯდომარე ფრენბურთის დღევანდელი მატჩისა და სპორტის ამ სახეობის მომავალში განვითარების მიზნით, სსტც „დელტამ“ ფრენბურთის ბადე და ბადის დასაჭიმი სამაგრები დაამზადა და საჩუქრად დაჭრილ მეომრებს გადასცა.
სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად არიან ჩართული სპორტულ ღონისძიებებში. დაშავებული ქართველი სამხედროები, ნატოს წევრი ქვეყნების დაჭრილ სამხედროებთან ერთად, მარტში, კალიფორნიის შტატში დაგეგმილ საერთაშორისო შეჯიბრებაში – “დაჭრილ მეომართა თამაშები” მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი ამხანაგური თამაში სან-დიეგოს ჩემპიონატის წინ ჩასატარებელი მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები