ნორა კვიციანი კოდორის ხეობის დაკარგვაზე პასუხისმგებლობას „ნაციონალებს“ აკისრებს

  ემზარ კვიციანმა ყველაფერი გააკეთა, რომ კოდორის ხეობაში რუსის ჯარი არ ყოფილიყო, – ამის შესახებ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის დამ, ნორა კვიციანმა განაცხადა. მისი თქმით, კოდორის ხეობის დაკარგვაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას” აკისრია.
„რუსი ვინ გააძევა ხეობიდან? ჩემი ძმა თავისი ხეობისთვის გადადებული იყო. როდესაც სოხუმი დაეცა, იმ დღიდან ჩვენ თავი გავწირეთ. მინდა დავუსვა კითხვა „ნაციონალურ მოძრაობას”, დაკარგული იყო თუ არა კოდორის ხეობა 2006 წლამდე? იყო თუ არა ხეობა საქართველოს იურისდიქციაში? დღეს ვისია ხეობა? დაუსვით კითხვა „ნაციონალებს” – ვინ იცავდა 2006 წლამდე ხეობას? უტიაშვილმა დაიცვა? პრეზიდენტმა დაიცვა? გამოვიდნენ და თქვან, რაც მე, პირადად, ქალმა გავაკეთე, იმდენი რა აქვთ გაკეთებული საქართველოთვის? ჩვენ რომ ასე ვიცავდით ხეობას, ამისთვის დავისაჯეთ. ჩემი ძმა აცხადებდა, რომ ხეობას არავის ჩააბარებდა. დაუსვით შეკითხვა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, 2006 წლამდე იყო თუ არა დაცული ხეობა და ვინ იცავდა მას, უტიაშვილი? გამცენ კითხვაზე პასუხი – ვინ დაიცვა კოდორის ხეობა, კრიმინალმა? ის კრიმინალი კი არა, გმირია!” – განაცხადა ნორა კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ შს ყოფილმა მაღალჩინოსანმა შოთა უტიაშვილმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ემზარ კვიციანის ბრალეულობაზე ისაუბრა.
„კვიციანი ძებნილია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში. მან საქართველოს მთავრობას დამოურჩილებლობა გამოუცხადა და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. შესაბამისად, მე დიდი იმედი მაქვს, რომ შს სამინისტრო კანონის მიხედვით იმოქმედებს და კვიციანს დააკავებენ. კვიციანი ბანდიტი და დამნაშავეა, ის ხელმძღვანელობდა გაეროს დამკვირვებელთა გატაცებას და ითხოვდა გამოსასყიდს. ყველასთვის ნათელია, ვისი დავალებით მოაწყო მან სამხედრო ამბოხი. ისიც ვიცით, ვინ ინახავდა მას ამ წლების განმავლობაში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება კვიციანს სხვა რუსი ჯაშუშების მსგავსად, არ გამოუშვებს ციხიდან”, – განაცხადა უტიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები