ირაკლი ლექვინაძე – ომი თუ შეწყდება და ვითარება დასტაბილურდება, ზრდა ბუნებრივია, იქნება
ეკონომიკური ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ექსპორტის შემცირება, რომ საგარეო ფაქტორების უკავშირდება ამაზე ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა მეტყველებს.
როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, კლება ძირითადად რუსეთზე, უკრაინაზე, აზერბაიჯანზე და ყაზახეთზე მოდის. მისივე თქმით მიუხედავად იმისა, რომ იანვარი პასიური თვეა ექსპორტის შემცირებაზე საგარეო ფაქტორის გავლენა ძალიან დიდია.
“ექსპორტის კლება, რომ ძირითადად დსთ-ს ბაზრებზე შექმნილი პრობლემების გამოა, ამას ევროკავშირის ქვეყნებში გაზრდილი ექსპორტიც ადასტურებს. დაახლოებით 34-ჯერაა გაზრდილი ნიდერლანდები. ექსპორტმა იმატა ბულგარეთის, გერმანიის, იტალიის მიმართულებებითაც. ეს სურათი იხატება იანვრის მონაცემებით. დეკემბრიდან პრაქტიკულად რუსეთის მიმართულებით ყველანაირი საექსპორტო ნაკადი გაჩერებულია. უკრაინასა და რუსეთში ექსპორტი ძირითადად რუბლის და გრივნის კრიზისის გამოა შემცირებული იმიტომ, რომ მსყიდველობით უნარიანობა მკვეთრად დაცემულია. ვფიქრობ აზერვაიჯანში კლება წლის პირველ ნახევარში კიდევ იქნება, რადგან რეგულაცია შარშან 1 ივლისს შევიდა ძალაში და აზერბაიჯანულ ბაზარზე ძირითადად ავტომობილების რე-ექსპორტის კლება ამის მერე იწყება”, – განაცხადა ლექვინაძე.
მისივე თქმით, დსთ-ს ბაზრებზე, ძირითადად კი რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის ზრდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეალურ ამოქმედებაზეა დამოკიდებული.
“ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე. იმედი მაქვს, რომ 15 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეალურად ძალაში შევა და ომი შეწყდება. ომის შეწყვეტა კი ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ ამ ქვეყნებში ვითარება დასტაბილურდეს. თუ ეს მოხდა ზრდა ბუნებრივია იქნება, რადგან ორივე ბაზარი ჩვენთვის ღიაა. მთავარია სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო იყოს”, – განაცხადა ლექვინაძემ.
კითხვაზე შესაძლებელია თუ არა დსთ-ს ბაზრებზე ექსპორტის შემცირების კომპენსირება, ევროკავშირის ბაზრებზე დაფიქსირებული ზრდით მოხდეს, ლექვინაძემ განაცხადა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ვერ მოხდება.
“ევროპა სტაბილურად და შერდარებით მცირე მოცულობით იზრდება, რომელიც დსთ-ს ბაზრებს სამწუხაროდ ვერ აბალანსებს. ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაშია და ვფიქრობ ზრდის მასტიმულირებელი ეს გარემოებაცაა. ამიტომ ვფიქრობ ევროპა ზრდას გააგრძელებს, თუმცა ჯერ-ჯერობით მოკლე ვადაში მისით ამ ბაზრების დაკომპენსირება რთული იქნება. კარგი იქნება თუ მთავრობის ეკონომიკური გუნდი აზიის ბაზრების მიმართულებით გააქტიურდება. მაგალითად 2014 წელს ჩინეთის ბაზარზე 250% მატება დაფიქსირდა და აზიის ქვეყნების ბაზრების ათვისება მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ქართული საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისებისთვის”, – განაცხადა ლექვინაძემ.