კახა კალაძე – ინვესტიციები, დასაქმება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა ის შედეგია, რასაც ჩვენ ყველა ველოდებით

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს, რომელშიც „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განხორციელებაში ჩართული ქვეყნები მონაწილეობენ.
მხარეებმა შეხვედრაზე „სამხრეთ გაზის დერეფნის“ რეალიზების, „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის ამოქმედებისა და ევროკავშირისათვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების ალტერნატიული მარშრუტის განვითარებასა და მის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
„მიხარია, რომ საქართველო, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ, შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა, მათი გადაჭრის გზები და ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ იმ საერთო მიდგომის ჩამოყალიბებაში, რომელიც “სამხრეთ გაზის დერეფნის” პროექტის შეუფერხებლად განვითარების აუცილებელი წინაპირობაა”, – განაცხადა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოს როლს „სამხრეთ გაზის დერეფნის“  პროექტის განხორციელებაში.
მისივე თქმით, „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გაცილებით მასშტაბურია და უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც პროექტში ჩართული სხვა ქვეყნებისათვის – ასევე საქართველოსთვის.
„ინვესტიციები, დასაქმება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა სწორედაც რომ არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ყველა ველოდებით“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში მოხდება.
პროექტი მშენებლობის ეტაპზე 2000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. შედეგად 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად.
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის სამუშაო ვიზიტი ბაქოში ორდღიანია და 13 თებერვალს დასრულდება.
ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო  მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ენერგეტიკის საკითხებში და მსოფლიოში ნავთობისა და გაზის სექტორში ერთ-ერთი  უმსხვილესი კომპანიის BP-ის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები