ხადური: ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ყველაზე მაღალია რეგიონში, უფრო მეტი ამბიციები და მეტი საჭიროებებიც გვაქვს
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ყველაზე მაღალია რეგიონში, უფრო მეტი ამბიციები და მეტი საჭიროებებიც გვაქვს, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
ხადურის თქმით, მის უწყებას, ეკონომიკის სამინისტროს მსგავსად, მჭიდრო კომუნიკაცია აქვს ეროვნულ ბანკთან იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის პროცესი შეუქცევადი იყოს.
“შეთანხმებულები ვართ, რომ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა უნისონში განხორციელდეს იმისთვის, რომ თანამიმდევრული ნაბიჯები გადავდგათ როგორც ჩვენ, ისე ეროვნულმა ბანკმა და ხელი შევუწყოთ მოკლევადიან პერიოდში სტაბილურობას და ინფლაციის თავიდან აცილებას. ამავე დროს ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი, შესაბამისი უწყებები მუშაობენ იმისთვის, რათა ეკონომიკური ზრდის პროცესი შეუქცევადი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი რეგიონში ყველაზე მაღალია, ცხადია, რომ უფრო მეტი ამბიციები და მეტი საჭიროებებიც გვაქვს”, – განაცხადა ხადურმა.