გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ დამაიმედებელია

ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ დამაიმედებელია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე -პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა კონკრეტული მიმართულებებით, კონკრეტულ პროექტებზე მუშაობს, რაც, მინისტრის ვარაუდით, შედეგებს აუცილებლად გამოიღებს.
“ჩვენ ეროვნულ ბანკთან გვქონდა იმ ზომების ერთობლივი განხილვა, რაც გასატარებელია საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის დასაბალანსებლად. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ტურიზმი, პირდაპირი ინვესტიციები და ექსპორტის წახალისება, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა ზომებიც, რომელსაც ვახორციელებთ და კონკრეტული პროექტების მიმართულებით ვმუშაობთ კონკრეტულ რეჟიმში. წლის დასაწყისი ნამდვილად რთული პერიოდია და,  საქართველოს გარშემო ქვეყნებში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი ექსპორტის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ ვფიქრობ, სიტუაცია საკმაოდ დამაიმედებელია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა ინფრასტრუქტურული მიმართულებით კონკრეტული პროექტების დამატებაზეც მუშაობს.
“ჩვენ ვამატებთ კონკრეტულ პროექტებს ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ასევე პირდაპირი ინვესტიციების მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიება დავგეგმეთ და ვმოქმედებთ შეთანხმებულ რეჟიმში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ გატარებულ ზომებს კონკრეტული ეფექტი ექნება და ეს აუცილებლად მოხდება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები