უნგრეთის “ექსიმ ბანკი” საქართველოსთვის 50 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უნგრეთის “ექსიმ ბანკი” საქართველოსთვის 50 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს,-ამის შესახებ უნგრეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე აღინიშნა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბუდაპეშტში გამართულ ბიზნესფორუმს დაესწრო. მან ორი ქვეყნის ბიზნესურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ ბიზნესმენებს საინვესტიციო გარემო გააცნო და საქართველოს პრიორიტეტები დაუსახელა: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისთვის, კვალიფიციური კადრები კონკურენტულ ფასებში, ფინანსურ და თანაინვესტირების შესაძლებლობათა მარტივი ხელმისაწვდომობა. მისივე განმარტებით, საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ევროპის ბიზნესსაზოგადოებისთვის.
“ეჭვს არ იწვევს ის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივას ბიზნესებს შორის ურთიერთობების ოპტიმიზაციის გზით. დღეისათვის სრულად არ არის ამოქმედებული სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადები საქართველოსა და უნგრეთს შორის. იმედი მაქვს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე დააჩქარებს ამ პროცესებს უახლოეს მომავალში,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრული ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია და სრული მხარდაჭერა აღუთქვა მათ ბიზნესის წარმოების კუთხით. უნგრეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდა ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, რომელმაც უნგრელ ბიზნესმენებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის წარმოების შესახებ. ბიზნესფორუმს საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრები: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები