გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მდინარე მაშავერას დაშრობასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგის სპეციალისტები სწავლობენ – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შესწავლის შედეგად დიდი დმანისის ჰიდრონაგებობიდან სოფ. კიანეთამდე მონაკვეთში (დაახლოებით 10-12 კმ მანძილზე) დაფიქსირდა შესამჩნევი წყალმცირობა, წყლის ხარჯი დ. კაზრეთთან შეადგენდა 0,5 მ3/წმ. მათივე ინფორმაციით, ასევე დადგინდა, რომ ჰიდრონაგებობიდან მდინარეში ჩამდინარე წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 80%) გადაგდებული იყო მცირე ჰესის ასამუშავებლად კაზრეთის სარწყავი სისტემის წყალგამყოფი კვანძიდან გამომავალი დიუკერის მეშვეობით. მდინარე მაშავერადან წყალაღებას ახორციელებს შპს “საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია” და ხელშეკრულების საფუძველზე აწვდის მცირე ჰესს. ჰიდროელექტროსადგურისთვის წყლის მიწოდება ხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილი რეჟიმების მიხედვით. 2015 წლის 5 თებერვლის 17:00 საათისათვის მდ. მაშავერაზე, ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე წყალმცირობა შენარჩუნებულია. ამდენად, მდ. მაშავერას დაშრობა არ უკავშირდება RMG Gold-ის მიერ წიაღით სარგებლობის სამუშაოებს.
ამ ეტაპზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით.