აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2015 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა რეალურია

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს გერჰაუზერმა ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, 2015 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გაკეთებული გათვლები ეფუძნება 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, რისი მიღწევაც რეალურია, თუ მოვლენები წლის დარჩენილ 10 თვეში სასიკეთოდ განვითარდება.
“საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 2014 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 5% იყო. ჩვენი, აზიის განვითარების ბანკის გათვლებითაც, პროგნოზი 5% იყო. როგორც ჩანს, წინასწარი მონაცემებით, 4.7%-იან ზრდის მაჩვენებელზე გავიდა ქვეყანა, რაც დაშვებების ადეკვატურია. რეგიონში მოვლენათა განვითარებას თუ შევადარებთ, ეს ძალიან კარგი შედეგია. რამდენიმე ქვეყანაში, მეზობელი სომხეთის ჩათვლით, ხსენებულმა მოვლენებმა უფრო მეტი გავლენა მოახდინა. ყოველივე ამას განაპირობებდა რუსეთში განვითარებული მოვლენები, ექსპორტ-იმპორტის და გაცვლითი კურსის კუთხით მომხდარი ცვლილებები. ზოგადად, საქართველოს მიღწევები ძალიან კარგია და მთავრობამ სრულად გააცნობიერა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ყველაფერს აკეთებს, რომ უფრო მაღალი ზრდის ნიშნულს მიაღწიოს და სტაბილურად განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა 2015 წლის განმავლობაშიც.
ჯერ ძალიან ნაადრევია საბოლოო პროგნოზის დაფიქსირება. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი რთული პერიოდი გამოდგა. თუმცა, ამის მიუხედავად, 4.7% იყო 2014 წელს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაკეთებული გათვლები ეფუძნება 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. საფუძვლად ამ მაჩვენებლის აღება კარგია. ამ პროგნოზის მიღწევა რეალურია, თუ მოვლენები სასიკეთოდ განვითარდება წლის დარჩენილ 10 თვეში. ეს შეიძლება ძალიან მიახლოებული აღმოჩნდეს ფაქტიურ მაჩვენებელთან. სწორად ამას გაცილებით უკეთ შევაფასებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, როდესაც ბიუჯეტის შესრულების ფაქტიური მაჩვენებლები გვეცოდინება”, – აღნიშნა გერჰაუზერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები