„გამოსაცდელი ვადის დაწესება ხელს შეუშლის მოსამართლეთა დამოუკიდებლობას “

  მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესება სასამართლოს დამოუკიდებლობას ხელს შეუშლის, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხებზე მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. “დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემები უნდა განვიხილოთ – მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი და, სამწუხაროდ, ის ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეები უკვე მხოლოდ გამოსაცდელი, 3 წლის ვადით ინიშნებიან. სწორედ  ამ ორ პრინციპს შორის დაპირისპირებაზე უნდა ვიმსჯელოთ, ასევე იმაზე, აღნიშნული გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში რაიმე კრიტერიუმით უნდა შეფასდეს თუ არა მოსამართლის საქმიანობა”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.
მან სასამართლო სისტემის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ გამოსაცდელი ვადა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.
„სასამართლო სისტემის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია – 2013 წლის დეკემბრის ბოლოს მოსამართლეთა კონფერენციამ მხარი დაუჭირა განცხადებას, რითაც აღვნიშნეთ, რომ გამოსაცდელი ვადა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენი ეს პოზიცია დღევანდელ კონფერენციაზეც დაფიქსირდება. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ესაა დიდი საფრთხისშემცველი. ასეთი საფრთხისშემცველი დებულებების კანონში შეტანა დამოუკიდებლობის პრინციპების საწინააღმდეგოა. როგორც მინიმუმ, კანონმდებლობაში უნდა შევიდეს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მონიტორინგის არავითარი კრიტერიუმი არ უნდა იყოს შემოტანილი და 3 წლით დანიშნული მოსამართლე ავტომატურად უვადოდ დაინიშნოს. ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს გათავისუფლების საფუძველი“, – აცხადებს კონსტანტინე კუბლაშვილი.
სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, გამოსაცდელი ვადის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაში პოლონელი, გერმანელი, ბრიტანელი, ავსტრიელი, ხორვატი და ამერიკელი მოსამართლეებიც მონაწილეობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები