მერკელი: გერმანია უკრაინას იარაღით არ დაეხმარება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, მინსკის შეთანხმებების თანახმად, უკრაინაში კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. „როიტერის“ ცნობით, მერკელმა ეს განცხადება ბუდაპეშტში, უნგრეთის პრეზიდენტთან ვიქტორ ორბანთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას იარაღს არ მიაწვდის.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი იარაღის გამოყენების გზით ვერ მოგვარდება“, – აღნიშნა კანცლერმა.
მანამდე „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდალი გენერალ ფილიპ ბრიდლავი, ობამას ადმინისტრაციისა და პენტაგონის მრავალი წარმომადგენელი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეას მხარს უჭერდა. გაზეთის ცნობით, საუბარია ლეტალური იარაღის მიწოდებაზე. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებზე სიუზან რაისი ბოლო თვეებში უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების წინააღმდეგ გამოდიოდა, თუმცა ახლა ის საკუთარი პოზიციის გადასახედად მზადაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები