ლუკაშენკო ეროვნული ვალუტის დევალვაციაში თანამემამულეებს ადანაშაულებს
ბელორუსიის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება 2014 წლის ეროვნული ვალუტის დევალვირებას არ აპირებდა, თუმცა მოსახლეობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო.
“ჩვენ არ ვაპირებდით ეროვნული ვალუტის დევალვაციას, მაშინ თქვი, რომ თუ თქვენ ირბენთ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, ამით გვიბიძგებთ, რომ იძულებულები გავხდეთ, დავაცარიელოთ ჩვენი ოქროს რეზერვები და გავუშვათ ნაციონალური ვალუტა თავისუფალ ბრუნვაში. რა პრეტენზიები გაქვთ ჩემთან? მე ვიცოდი, რომ თქვენ როგორც ჭეშმარიტი ბელორუსები, არ მომისმენდით”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გასული წლის დეკემბერში ბელორუსიის ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა რუსული რუბლის გაუფასურებისა და უცხოურ ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ვალუტის ყიდვაზე დროებით 30%-იანი მოსაკრებელი დააწესა.
ამასთან, ბელორუსიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში კრიზისის მიზეზი საგარეო ფაქტორები – უკრაინის მოვლენები და რუსული ეკონომიკის მდგომარეობა გახდა.
„სანქციებს და ეკონომიკურ კავშირში ჩვენი მეზობლების ეროვნული ვალუტის დევალვაციას არ შეიძლებოდა, ბელორუსიის ღია ეკონომიკაზე გავლენა არ მოეხდინა. ამას დაამატეთ ფსიქოლოგიური ფატორები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ბელორუსიის ხელისუფლება სწრაფად მოქმედებას შეეცადა და ანტიკრიზისული ღონისძიებების ზომები გაატარა, რომელიც ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველყოფას გულისხმობდა.
„ამ დროისთვის გამოგვივიდა, ვნახოთ, რა იქნება მომავალში“, – აღნიშნა ბელორუსიის პრეზიდენტმა.
ამასთან, ლუკაშენკოს თქმით, ქვეყნის ხელისუფლება სავალუტო და სამომხმარებლო ბაზრებზე სიტუაციაზე დაკვირვებას განაგრძობს.
„ეს ყველაფერი ძალიან მშვიდად კეთდება, რადგან საქმე ეხება ფულს, რომელსაც სიჩუმე უყვარს. თუ თქვენ გინდათ, რომ სიმშვიდე იყოს, ამ თემაზე ზედმეტი ხმაური საჭირო არ არის. ასეთია საბაზრო ეკონომიკის ფსიქოლოგია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ბელორუსიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკური განვითარების მოდელის მკვეთრი ცვლილებისთვის მზად არ არის.
„მე მზად ვარ, ნებისმიერი მოდელისთვის, მაგრამ თქვენ ხართ მზად ამ მოდელის შესაცვლელად? მზად არის საზოგადოება ისეთი ნოვაციებისთვის, რომელიც შეიძლება პოლიტიკოსებმა და, მათ შორის, მეც შემოგთავაზოთ? ვფიქრობ, ყოველთვის არა“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
„მე შემიძლია, შემოგთავაზოთ მინიმუმ ორი მკაცრი, მკვეთრი მოდელი, რომლის შესახებაც მსოფლიოს ყველა კუთხეში ისაუბრებენ. მაგრამ აღვნიშნავ, თქვენ მას ვერ გაუძლებთ. თუ მე თქვენ შემოგთავაზებთ ყველაზე ეფექტურ ამერიკულ მოდელს, ხვალვე ქუჩები „ბოევიკები“, „მეხუთე კოლონის“ წევრებით გაივსება, ყველა მხრიდან მოვლენ, დაგვიწყებენ სწავლებას, მოგვიწყობენ მაიდანს, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ადამიანები მშივრები და უმუშევრები დარჩებიან“, – განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ბელორუსიის მიერ არჩეულ სოციალურად ორიენტირებულ საშინაო პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.