თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი შსს-ს ახალ ინიციატივას განიხილავს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას განიხილავენ. განხილვას ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, დასჯადი ხდება შუღლის გაღვივების მოწოდება, სხვა ქვეყნებში უკანონო ორგანიზაციებში რაიმე სახის მონაწილეობა და ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვა.
აღნიშნული ინიციატივა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ წარადგინა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, ამ ცვლილებებით შუღლის გაღვივება და მოწოდება თავიდან იქნება აცილებული და საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მშვიდ თანაცხოვრებას ქვეყნის ტერიტორიაზე. ასევე, აღნიშნული ინიციატივით, სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში საქართველოს მოქალაქეების წასვლა დასჯადი იქნება.
„როდესაც ლეგიტიმურ მიზანზე ვსაუბრობ, თუ რამ განაპირობა ამ ინიციატივის პირველი მიმართულების ინიცირება, რომელიც შუღლის გაღვივებას ეხება, გახლავთ ის, რომ გამოხატვის ფორმა, მათ შორის სიტყვის გამოხატვის ფორმა, იყოს იმ გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული, რომელიც საზოგადოებაში სხვადასხვა სეგმენტის, მათ შორის უმცირესობის მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება 312-ე პრიმა მუხლს, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებებში გაწევრიანებას ეხება და ამ უკანონო ფორმირებებში მონაწილეობას, წვრთნის გავლას, გადაბირებას, ან პირთა შეგროვებას, ანუ რეკრუტირებას გულისხმობს“, – განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ.
აღნიშნული ინიციატივის მეორე მიმართულებას, რომელიც უცხო ქვეყნის უკანონო ფორმირებებში გაწევრიანებას ეხება, არ ეთანხმებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მათი თქმით, ის, რომ აღნიშნულ კანონში ცვლილება მხოლოდ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყს მოიაზრებს, ეს კონკრეტიკა კანონში არ არის შეტანილი და შესაძლოა, სხვადასხვა მიზნისთვის ბოროტად გამოიყენონ.
„იმ ქართველებს, რომლებიც დღეს პატრიოტულ ვალს იხდიან და ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვიან, დიდი ალბათობით შეეხებათ ეს მუხლი. შესაბამისად, გთავაზობთ წინადადებას, რომ თუ ჩვენ გვაქვს ის ლეგიტიმური ამოცანა, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენი მოქალაქეების ბრძოლას ისლამური სახელმწიფოს რიგებში თუ სხვა ტერორისტული დაჯგუფებების რიგებში, ამ მუხლმა საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება უნდა მისცეს, რომ მიიღოს კონკრეტული ქვეყების ჩამონათვალი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ლევან იზორიას და ცვლილებების ინიციატორებს მოუწოდეს, კანონის წარდგენამდე, მისი განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოხდეს, რადგან აღნიშნული ცვლილება ეხება სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის ქვაკუთხედი და დემოკრატიული სისტემის ბარომეტრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები