დავით უსუფაშვილი ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს უელსის სამიტზე მიღებულ არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულების მიმდინარეობასა და ამ პროცესში ნატოსა და მოკავშირეების ჩართულობაზე ისაუბრეს, განიხილეს ის შესაძლებლობები და ვალდებულებები, რომელიც საქართველომ ახალი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით აიღო. ხაზი გაესვა პარლამენტის როლს აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების პროცესში.
„მნიშვნელოვანი სტუმარია საქართველოში ბატონი ვერშბოუ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობის პირია. ჩვენი საუბარი, პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოებას შეეხებოდა. უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულების პროცესშია, საქართველო და ნატო ამ ახალ ეპოქაში გაცილებით უფრო ინტენსიურად თანამშრომლობენ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები ამ პაკეტის ფარგლებში და სასიამოვნოა, რომ დღეს ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან წევრი ქვეყნების სრული მზადყოფნა მოვისმინეთ, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ამ პაკეტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში ნატოს ყველა წამყვანი ქვეყანა ჩართული იქნება სხვადასხვა ასპექტში“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვისას, ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, სეპარატისტული რეჟიმის ურთიერთობას რუსეთთან, მათ შორის, გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას “მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე უკრაინის მოვლენებზე და დემოკრატიული სამყაროს როლის თაობაზე ამ პროცესის დარეგულირებაში.
„ნატოს წარმომადგენლისგან ჩვენ მოვისმინეთ უკრაინაში არსებული მდგომარეობის შეფასება. აღვნიშნეთ, რომ ქართველი ერი იყო და არის უკრაინელი ხალხისა და თავისუფალი უკრაინის გვერდით. გვსურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამხედრო კონფრონტაცია“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
„ვისაუბრეთ მომავალ თემებზე, იმიტომ, რომ ეს თანამშრომლობა, ეს პროცესი არ არის ერთდღიანი და ერთწლიანი. ასე რომ, ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები და ჩვენ ყველა მხრიდან დავარწმუნეთ სტუმარი, რომ ამ საკითხში პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები ვართ სრულ ჰარმონიაში და ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს კურსს, ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, ალტერნატივა არ აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ყველასთვის, მათ შორის, მათთვის, ვისაც სურს, იხილოს იზოლირებული, ცალკე დარჩენილი საქართველო“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ალექსანდრ ვერშბოუს შეფასებით, ეს იყო სასარგებლო შეხვედრა და, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრიბა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის მოსაზრებით, ეს აერთიანებს ყველა პარტიას საქართველოში და ესაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანიც.
მისივე თქმით, ყველაფერმა, რაც საქართველოში უნდა განხორციელდეს – დემოკრატიული რეფორმების, სასამართლო სისტემის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის რეფორმების კუთხით- პოლიტიკური პარტიები უნდა გააერთიანოს, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული სისტემის გაძლიერებისთვის ისევე, როგორც ნატოს წევრობისთვის მომზადებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები