35 ეკომიგრანტს საკუთრებაში სახლები გადაეცა

35 ეკომიგრანტს 1 ლარად საკუთრებაში სახლები გადაეცა – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა. სოზარ სუბარის ინფორმაციით, აღნიშნულ სახლებში ეკომიგრანტები დიდი ხანია ცხოვრობენ, თუმცა საკუთრებაში არ ფლობდნენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკომიგრანტებს სახლები მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით გადაეცათ. აღნიშნული გეგმა კი მიზნად ისახავს დევნილებისთვის და ეკომიგრანტებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემას.
მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს თავშესაფრის მაძიებელთა პირებისთვის და ლტოლვილებისთვის განათლებასა და ინტეგრაციაში ხელშეწყობის საკითხი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის შემუშავდება პროგრამა, რომელიც დაეხმარება ჯერ ქართული ენის შესწავლაში, ხოლო შემდეგ შესაბამის კლასებში ჩართვაში.
სოზარ სუბარის ინფორმაციით, ამ დროისთვის 363 ასეთი ახალგაზრდაა. მისივე თქმით, სხდომაზე დამტკიცდა ორი მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის დევნილთა სახელმწიფო სტრატეგიის განვითარების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა და დევნილებისთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის შესახებ ორი წლის სამოქმედო გეგმა.
სოზარ სუბარის განმარტებით, ეს გეგმა ითვალისწინებს, რომ დევნილებს ჰქონდეთ არა მარტო საცხოვრებელი სახლები, არამედ სამუშაო ადგილები, შემოსავალი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები