„გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება“

არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებამდცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზაფხულისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აანონსებს.
მჟავანაძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
მჟავანაძის თქმით, პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ ღარიბაშვილის მიმართ ივანიშვილს განაჩენი გამოტანილი აქვს – არ გამართლდა.
,,საქართველოში გაზაფხულისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ამის თქმის საფუძველს ბიძინა ივანიშვილის განცხადება იძლევა, რომელმაც თქვა, რომ არ გამორიცხავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, მის აზრებს იზიარებენ და ის არასდროს არ აკეთებს კატეგორიულ განცხადებებს გადაწყვეტილებების მიღების წინ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ გაზაფხულზე ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
პრემიერმა ასევე ნიშანდობლივი განცხადებები გააკეთა საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის და სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს მიმართ. არ გამართლდა ზოგიერთის პროგნოზი, რომ ღარიბაშვილის მიმართ ივანიშვილს განაჩენი გამოტანილი აქვს და ის აპირებს, მას გაემიჯნოს. მართალია, ექსპრემიერმა გარკვეულ საკითხებში უკმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ, საერთო ჯამში, ღარიბაშვილისა და მთავრობის მუშაობით კმაყოფილია. არ უნდა ველოდოთ არჩევნებამდე მთავრობაში ძირეულ ცვლილებებს, რადგან შიდა რყევები ქვეყნისათვის საზიანო იქნება და ეს ესმის როგორც ხელისუფლებას, ასევე თავად ბიძინა ივანიშვილს. ახლა უბრალოდ საკითხავია, რა შემადგენლობით წარდგება ვადამდე საპარლამენტო არჩევნებისას „ქართული ოცნება“, – კვლავ იგივე მთავრობის შემადგენლობით თუ გარკვეული ცვლილებებით.
საინტერესო იყო ასევე „მოქალაქის“ ხელმძღვანელის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ. ვფიქრობ, საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენს და რა საქმიანობას ეწევიან კოჟორიძე, გიგაური და ლომჯარია, ამიტომ მათ მიმართ გარკვეული კვლევის ჩატარება, ვფიქრობ, ამ ორგანიზაციებისთვის დიდი პატივი უნდა იყოს, რასაც ისინი ნამდვილად არ იმსახურებენ’’, – აცხადებს მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები