საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი რეკომენდაციებს შეიმუშავებს

  პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებმა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჯგუფის მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს. დავით უსუფაშვილმა დამსწრე საზოგადოებას, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ უკვე გაწეული სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ჯგუფი ამ ეტაპზე მუშაობის მეორე ეტაპზე იმყოფება, რომლის ძირითად ამოცანას ადგილობრივი არჩევნების თემატიკა წარმოადგენს. “შარშან გაზაფხულზე შევქმენით ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე იმუშავა. მაშინ შევთანხმდით, რომ ჯგუფი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მუშაობას გააგრძელებდა.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი კოორდინაციაშია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან, რომელიც 1 სექტემბრამდე მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობაში მისაღები ცვლილებების ვადებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება, რაც ადრე დაპირებულ ვადაზე ოდნავ გვიანია. “პარლამენტის სახელით ვაცხადებ, რომ ეს ჩვენი ნაკლია, მაგრამ დაგეგმილი ცვლილებების არმიღება იმ მოტივით, რომ სასურველზე ნაკლები დროა დარჩენილი, უფრო უარესი იქნებოდა. დროის თვალსაზრისით, მთლად ევროპულ სტანდარტებში ვერ ჩავჯექით, მაგრამ ქართული ტრადიციული სტანდარტების გათვალისწინებით, ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ანუ სადღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ვართ”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის პროცედურებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯგუფის მუშაობის ფორმატი არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად გაუმჯობესდა.
“ინტერფრაქციული ჯგუფი არის პარლამენტის ინსტრუმენტი, რომელშიც ფრაქციების წარმომადგენლები საარჩევნო საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ არასაპარლამენტო პარტიებს ჩვენ მოვუძებნეთ ამ ფორმატში მონაწილეობის ეფექტური საშუალება. ჯგუფმა რამოდენიმე შეხვედრა ჩაატარა და იგეგმება გასვლითი სხდომა ქობულეთში, თებერვლის პირველ რიცხვებში კი პარლამენტს კონკრეტული წინადადებები წარედგინება. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში რიგგარეშე სესიის რეჟიმში ვიმუშავებთ და ვგეგმავთ თვითმმართველობის კოდექსის მეორე მოსმენით მიღებას, ეს კი ინტერფრაქციულ ჯგუფს საშუალებას მისცემს საარჩევნო სისტემების და თემატიკასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული საკითხები გადაწყვიტოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები