საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ახალი პროექტის – „შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ წარდგინება გაიმართება
30 იანვარს, 17:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ახალგაზრდული ცენტრის ახალი პროექტის „შემეცნებითი სასკოლო კლუბი“ წარდგინება.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი) გააცნობს ახალ პროექტს მონაწილე სკოლების მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.
2 თებერვლიდან საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს „შემეცნებითი სასკოლო კლუბი“.
კლუბის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ქრისტიანული ღირებულებების უკეთ გაცნობას.
„შემეცნებითი სასკოლო კლუბის“ ფარგლებში ჩატარდება „შემეცნებითი საუბრების“ ციკლი IX-XI კლასის მოსწავლეებისთვის (საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზი, სამების ტაძარი, I სართული).
საუბრების ციკლი მოიცავს შემდეგ სექტორებს: ღვთისმეტყველება/ფილოსოფია, ისტორია, ხელოვნება, ფსიქოლოგია.
თითოეული სექტორის მიზანია, მოსწავლეები უკეთ გაეცნონ საქართველოს ისტორიულ წარსულს (ისტორიის სექტორი), ქართული კულტურის ღირსშესანიშნაობებს (ხელოვნების სექტორი), ქრისტიანობის არსს და სამყაროს შემეცნების სახეებს (ღვთისმეტყველება/ფილოსოფიის სექტორი), საკუთარი თავის შეცნობის, სხვებთან ურთიერთობების, მომავალი პროფესიის არჩევის შესაძლებლობებს (ფსიქოლოგიის სექტორი).
შემეცნებითი საუბრები იქნება პრობლემაზე ორიენტირებული და წარიმართება დიალოგური პრინციპით. მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზები, რომელსაც დაამუშავებენ თავიანთი უნარისა და ინტერესების შესაბამისად (სამეცნიერო ნაშრომი, ესე, ჩანახატი, ნახატი და ა.შ.).
წლის ბოლოს მოსწავლეთა ნამუშევრები განიხილება და შეფასდება. აქტიურად ჩართული მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით დაჯილდოვდებიან სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობით, წამახალისებელი პრიზებითა და სიგელებით.
შემეცნებითი საუბრები სექტორების შესაბამისად გაიმართება ყოველდღე, 15:00 საათზე, ოთხშაბათის და შაბათ-კვირის გარდა.