ირაკლი ღარიბაშვილი: ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ

კურსის გაუფასურების გამო ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ლარის კურსის გაუფასურების გამო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
“დოლართან მიმართებაში ბოლოდროინდელი გაუფასურება და ამ ტენდენციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს არის გამოწვეული მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით. რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური პროცესის ნაწილი, ამიტომ მისი განხილვა აღნიშნული კონტექსტის გარეშე არ იქნება სწორი. საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც არის ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმი. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. კურსის გაუფასურების გამო ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მსოფლიოში მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის ფასები. ფასების საშუალოვადიან დინამიკას აკონტროლებს ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მთავრობის სრული მხარდაჭერა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით გავაკეთოთ ყველაფერი”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც მუშაობს კონკრეტულ ღონისძიებებზე, დამატებით რა უნდა გაკეთდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები