C ჰეპატიტის პრევენციის მიზნით, თბილისში 300-მდე კლინიკა შემოწმდა
ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის პრევენციის მიზნით, თბილისში 300-მდე კლინიკა შეამოწმა. მათგან 29 კლინიკა ყოველგვარი შეტყობინების გარეშე მუშაობს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე C ჰეპატიტის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით შუალედური შედეგები წარმოადგინა.
მისივე თქმით, სტომატოლოგიურ კლინიკებსა და კაბინეტებს ორთვიანი ვადა მიეცათ, რათა შენიშვნები გამოასწორონ. შემდგომ კი შესაძლოა, მათ მიმართ გარკვეული რეგულაციები ამოქმედდეს.
მისივე განმარტებით, ხვალ გამოიცემა მინისტრის ბრძანება, რომელიც სტომატოლოგიური კლინიკებისა და კაბინეტების მონიტორინგს ითვალისწინებს.
მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ასევე ტატუს გაკეთებისა და სილამაზის სალონების შესახებაც ისაუბრა. მისივე განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოხდეს ტატუსა და სილამაზის სალონების ზუსტი აღრიცხვა და მათი კონტროლი.
მისივე თქმით, მინისტრის ბრძანება ასევე გამოიცემა ტატუსა და სილამაზის სალონებში მონიტორინგის განსახორციელებლად. გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები და საჯარიმო სანქციები მათთვისაც იქნება გათვალისწინებული. აღნიშნული სალონები ორი თვის შემდეგ ხელმეორედ გადამოწმდებიან, თუ რამდენად გამოასწორეს შენიშვნები.
ვალერი კვარაცხელიამ ასევე დასძინა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები ასევე დაიწყებენ გაცნობით ვიზიტებს ასეთ სალონებში. კერძოდ, დატოვებენ კითხვარს ინფექციური კონტროლის თვალსაზრისით სიტუაციის შესასწავლად.