„სენტა პეტროლიუმი“ ქართულ ნავთბბაზარზე ახალი პირობებით შემოდის
„სენტა პეტროლიუმი“ ქართულ ნავთბბაზარზე ახალი პირობებით შემოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებლებმა სასტუმრო „რედისონში“ პრეზენტაცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათ ქსელში სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასი 15- 20 თეთრით იაფია. ჯერჯერობით „სენტას“ ორი ავტოგასამართი სადგური მუშაობს – ბათუმას და ქუთაისში, თუმცა თებერვალში კომპანია თბილისშიც აპირებს გასამართი სადგურის გაშვებას.
პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, ეკონომიკის ექსპრეტები და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ეს არის სამართლიანობის აღდგენის მაგალითი.
„ჩვენ გვერდით ვუდგავართ სენტას, რადგან წარმატებული ბიზნესი ბევრ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს და ხელისუფლება ყოველთვის უნდა დაეხმაროს ასეთ ადამიანებს. ამ პრეზენტაციაზე კარგად ჩანს, როგორ შეიძლება დიდი შრომის წყალობით, კომპანიამ ნოლიდან დაიწყოს ყველაფერი და მიაღწიოს წარმატებას. ყველას გვახსოვს ის ავადგასახსენებელი წლები, როდესაც კომპანიას წარმატებას არ პატიობდნენ, თუ მათიანი ან მათი გუნდის წევრი არ იყავი. ყველამ ვიცით, როგორ მთავრდებოდა ასეთ შემთხვევებში და “სენტას” ამ მხრივ გამონაკლისი როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამართლიანობა აღდგა და თქვენ შეძელით რომ სააშკარაოზე გამოგეტანათ ეს ყველაფერი, მთავარი არის ის, რომ ხელისუფლება მინიმალურად ჩაერიოს ბიზნესში. გისურვებთ წარმატებას და ყოველთვის მიგულეთ თქვენ გვერდით“, – განაცხადა ნარმანიამ.
კომპანიის დამფუძნებლებმა პრეზენტაციაზე „სენტას“ მიერ განვლილ გზაზე ისაუბრეს.
“ეს „სენტა ჯგუფის“ მიერ გამართული პირველი პრეზენტაციაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბიზნესსაქმიანობა 1990-იანი წლებიდან იღებს სათავეს. წელს ბიზნესის სფეროში ჩვენს საქმიანობას 20 წელი უსრულდება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მეორედ გვიხდება ფეხის ადგმა.
2010 წელს „ყოფილმა ხელისუფლებამ ჩვენს მიერ რუდუნებით აწყობილ ბიზნესს თვალი დაადგა და ყოველგავრი ცერემონიის გარეშე დაიწყო ჩვენი აქტივების ექსპროპრიაცია. დაგვაპატიმრეს და გლდანის ავადხსენებულ ციხეში გამოგვკეტეს. მუქარით, შანტაჟითა და ძალადობით, რომელიც ციხეში ორი თვე გაგრძელდა, ჩვენი კუთვნილი აქტივები კომპანია „გალფის“ სასარგებლოდ დაგვათმობინეს, რომლის უკანაც ამჟამად ძებნილი დავით კეზერაშვილი იდგა. მაშინ ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. ხსნა არსაიდან ჩანდა – ჩვენს გამო საფრთხე უკვე ჩვენი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა.
საბოლოოდ ციხეს თავი დავაღწიეთ და ოჯახებიც ვიხსენით, მაგრამ დავკარგეთ ყველაფერი და 2012 წლის არჩევნებამდე არაერთი შეურაცყოფისა და დამცირების გადატანა მოგვიხდა“, – განაცხადა პრეზენტაციაზე „სენტას“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ზაალ იაკობიძემ.
„სენტას“ დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ცვლილებამ მათ სამართლიანობის აღდგენის იმედი და პერსპექტივა გაუჩინა. წინა ხელისუფლების აბსურდული ბრალდებები მოეხსნათ. დაუბრუნდათ გირაოს თანხაც.
„დღეისათვის „გალფის“ აქტივები სასამართლოს მიერ დაყადაღებულია, რათა არ მოხდეს ამ აქტივების გადაყიდვა. ჩვენ კი, როგორც კანონმორჩილი ბიზნესმენები მოუთმენლად ველით სასამართლო პროცესს, რომლის პირველი სხდომა სულ მალე, 4 თებერვალს არის ჩანიშნული. იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს და წართმეულ ქონებას კანონიერ მფლობელს დაუბრუნებს. „ჩვენ ვბრუნდებით ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე და მუშაობას ვიწყებთ სლოგანით: “სენტა დაბრუნდა – საწვავი გაიაფდა”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ.