ბექა ნაცვლიშვილი: ახალი კანონპროექტი მოქალაქეთათვის მიწის ლეგალიზების პროცედურებს გაამარტივებს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა ახალი კანონპროექტის შესახებაც იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები გამარტივდება.
კომისიის თავმჯდომარის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, 2015 წლის 31 იანვრიდან 1 თებერვლამდე სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკრებულოს, ასევე დედაქალაქის მერიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, ახალ კანონპროექტთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის დასრულების მიზნით სიღნაღში გაემგზავრება.
„იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ ახალი კანონპროექტზე მუშაობის დასრულებას, რომელიც მოქალაქეთათვის მიწის ლეგალიზების პროცედურებს გაამარტივებს. ახალ კანონში შესული ცვლილება გულისხმობს ვადის გაზრდას და მართლზომიერი მფლობელობის უფლება, ანუ დაკავებული მიწის დასაკანონებელი წელი უკვე არა 2007 წლით, არამედ 2011 წლის 31 დეკემბრამდე იქნება განსაზღვრული.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მუშაობა ორიენტირებულია უფრო მეტი მოქალაქის სურვილის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
სხდომაზე ასევე კომისიაში საკუთრების დამტკიცების მოთხოვნით შესული 51 განცხადება განიხილეს.
მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა საკრებულოში სამშაბათობით იმართება, რომელსაც უშუალოდ განმცხადებლები ესწრებიან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს ვითარებას, რის შემდეგაც ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება. აუციელბლობის შემთხვევაში კი, მუშაობის პროცესში დარგის ექსპერტების ჩართვაც ხორციელდება.
სხდომას დეპუტატების გარდა თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები