უკრაინის რადამ რუსეთი ქვეყანა-აგრესორად აღიარა
უკრაინის უზენაესმა რადამ რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის ქვეყანა-აგრესორად აღიარების შესახებ განცხადებას მხარი დაუჭირა. საკუთარ მიმართვაში დეპუტატები მსოფლიო ქვეყნების პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ასევე რუსეთის აგრესორად აღიარებისკენ და მასზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.
გარდა ამისა, რადამ საერთაშორისო საზოგადოებას დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარების თხოვნით მიმართა.
უკრაინის პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ტერორიზმს მხარს უჭერს და გაეროს უშიშროების საბჭოს საქმიანობას ბლოკავს, ამით კი საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთით სეპარატისტების მხარდაჭერასა და დონბასის კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებენ.