„ვაზაგაშვილის აფეთქება იუსტიციის სახლთან იგეგმებოდა“ – ინტერვიუ ირაკლი ფირცხალავასთან

ვაზაგაშვილის აფეთქება იუსტიციის სახლთან იგეგმებოდა.
ყარაფილაში მომხდარი აფეთქების შემდეგ სამართალდამცავები ასაფეთქებელ მოწყობილობას იუსტიციის სახლის წინ, ზურაბ ვაზაგაშვილის მემორიალთან ეძებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადგილზე კინოლოგთა ჯგუფი სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობდა. იპოვეს თუ არა ზურაბ ვაზაგაშვილის მემორიალთან ნაღმი, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც გამოცემა წერს, საგამოძიებო უწყებები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, თუ იუსტიციის სახლთან ნაღმის არსებობა დადასტურდა, არ არის გამორიცხული, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქება სწორედ იქ, ქალაქის ცენტრში იგეგმებოდა.
ვაზაგაშვილის აფეთქების დღეს იუსტიციის სახლთან კინოლოგების მუშაობის შესახებ ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავაც, რომლის სახელმაც უშუალოდ გაიჟღერა ვაზაგაშვილების საქმეში. საზოგადოების ნაწილი და მათ შორის ოჯახის ადვოკატები, იური ვაზაგაშვილის აფეთქებას სწორედ იმ სპეცოპერაციას უკავშირებს, რომელსაც ზურაბ ვაზაგაშვილი ემსხვერპლა და რომელსაც ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობდა.
ირაკლი ფირცხალავა, კრიმპოლის ყოფილი უფროსი:
– დიახ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ იუსტიციის სახლთან, სადაც თეა წულუკიანმა მემორიალი გაუხსნა ზურაბ ვაზაგაშვილს, მუშაობდნენ კინოლოგები, მიყვანილი ჰყავდათ ძაღლები და ეძებდნენ ნაღმს. ფაქტია, რომ ეს არ არის უბრალოდ კრიმინალი, ეს გაცილებით სერიოზულ შედეგზე იყო გათვლილი, ვიდრე ერთი პიროვნების ლიკვიდაციაა.
– რას გულისხმობთ?
– სავარაუდოდ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გაგრძელება ექნება ამ ყოველივეს. ეს არის ზუსტად მიზანმიმართულად გაკეთებული, რათა მომხდარიყო გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ მოქმედი, თუ ყოფილი სამართალდამცავების დისკრედიტაცია, ხელისუფლება კიდევ ერთხელ უნდა დაედანაშაულებინათ უუნარობასა და უსუსურობაში. გამოეწვიათ საზოგადოებრივი მღელვარება და ამ ფონზე ვიღაცას პოლიტიკური ქულები ჩაეწერა. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციისა და ამ ტრაგედიის დაკავშირება ხელს აძლევს რიგ პოლიტიკურ ძალებს. იმედია, ამას საზოგადოება ადრე თუ გვიან გააცნობიერებს.
– თუკი აფეთქების მიზანი საზოგადოებრივი მღელვარებისა და ქაოსის გამოწვევა იყო, როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი ამით დასრულდება?
– ეს არის დასაწყისი. მათ, ვისაც ქვეყანაში არეულობა და ქაოსი უნდათ, ამაზე არ გაჩერდებიან. მათ, ალბათ, კარგად ესმით, რომ მხოლოდ ვაზაგაშვილის აფეთქებით ეს მიზანი ვერ მიიღწევა, თუმცა ამ ბოლო შემთხვევამაც აჩვენა, როგორ ახმაურდნენ ის ძალები, რომლებიც ამ ტრაგედიაზე ხელის მოთბობას ცდილობენ. ამ დღეებში არაერთი პოლიტიკური გვამი გაცოცხლდა.
– ვინ დგას ამ ყველაფრის მიღმა?
– ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერა. საფლავებზე ადამიანების აფეთქება რუსეთში ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაინერგა. ძალიან ბევრი ადამიანი, იქნება ეს საზოგადოებრივი ფიგურა თუ კრიმინალური ავტორიტეტი, ააფეთქეს სწორედ სასაფლაოზე. ჩემს ამ ეჭვს აღრმავებს ისიც, რომ ეს სოფელი, სადაც ვაზაგაშვილი ააფეთქეს, პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. თუ საქართველოში ვინმეს აქვს სურვილი და მიზანი, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყოს, შეიარაღებულმა ბანდებმა ითარეშონ, ამას, მგონი, აღარავინ დაუშვებს. აშკარად ჩანს, რომ ეს არის გარედან მართული სცენარი, რითაც სწორედ შიდა არეულობის მიღწევა სურთ. კიდევ ვიმეორებ, ეს არის დასაწყისი. იური ვაზაგაშვილის მიმართ საზოგადოების ინტერესი ნამდვილად დიდი იყო, სწორედ ამიტომ შეარჩიეს მსხვერპლად. ეს არის კარგად დაწერილი სცენარი, რითაც ქვეყანაში არეულობის გამოწვევა უნდათ.
როგორც ჩანს, ირაკლი ფირცხალავა მომხდარში რუსულ კვალს ხედავს, თუმცა თავად ვაზაგაშვილების ოჯახს ეჭვი აქვს, რომ აფეთქების უკან სწორედ ფირცხალავა და მისი თანამოაზრეები დგანან. ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზურაბ ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია მოახდინეს, დღეს რეალური საფრთხე იგრძნეს და შესაძლოა, სწორედ ეს გამხდარიყო მამის მკვლელობის მოტივი.
„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს პერსონა იმ ადამიანების მხრიდან იყო შერჩეული, ვინც მისი შვილი მოკლა. მისი შვილის საქმის გამოძიება პრაქტიკულად დასრულებული იყო. იმდენად დიდია მათი პასუხისგებაში მიცემის ალბათობა, რომ ისინი შესაძლოა, აგონიაშიც არიან. მაშინ, როცა თავად იყვნენ ხელისუფლებაში, მსგავსი შედეგი ვერანაირად ვერ დადგებოდა. ახლა რეალური საფრთხის წინაშე დადგნენ და ამიტომაც განახორციელეს ეს აფეთქება. რაც შეეხება, ზურაბ ვაზაგაშვილის მემორიალთან ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობას, არ გამოვრიცხავ, რომ ყველა ის ადგილი ყოფილიყო დანაღმული, სადაც ბატონი იური დადიოდა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ირმა ჭკადუა.
ვაზაგაშვილების კიდევ ერთი ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი კი „პრაიმტაიმთან“ იმ სამ ვერსიას ასახელებს, რომლის ირგვლივაც მუშაობს გამოძიება. პირველი ვერსიით, იური ვაზაგაშვილის აფეთქება, მართლაც, იმ პირებს უკავშირდება, რომლებიც მისი შვილის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ. მეორე ვერსიით, რომელსაც პროკურატურა ამუშავებს, აფეთქება საოკუპაციო ზონიდან იმართებოდა. მესამე ვერსიით კი, იური ვაზაგაშვილის აფეთქება იყო გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისა, ვინც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს.

გაგი მოსიაშვილი, ვაზაგაშვილების ადვოკატი:
– მოსაზრების, რომ მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი პირისგან განხორციელდა, გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი პირების მხრიდან, უბრალოდ, შესრულდა ეს მკვლელობა და შემკვეთი, ანუ დაინტერესებული მხარე საქართველოშია. რუსული სპეცსამსახურების ინტერესი შესაძლოა, იყოს ქვეყანაში დაძაბულობის შექმნა, ეს თეორიულად არ არის გამორიცხული. როგორც ვერსიას, ამას გამოძიება განიხილავს, მაგრამ ამან ყურადღება არ უნდა გაუფანტოს სხვა ვერსიების მიმართ, რომელიც გაცილებით რეალურად ჟღერს, ვიდრე რუსული კვალი. ეს ვერსია უნდა განიხილონ, მაგრამ სხვა ვერსიებთან ერთად. მთავარია, გამოძიებამ ამ ვერსიებს შორის, გამოარკვიოს სწორი მიმართულება, რომელსაც სჭირდება ნება და საკმაოდ სერიოზული მუშაობა. ეს არის ამჟამინდელი პროკურატურის ღირსების თემა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიძიონ.
– სხვა რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება… თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– მეორე ვერსიით, ეს აფეთქება, სავარაუდოდ, უკავშირდება ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მისი შვილის ლიკვიდაციაში და მესამე ვერსია – ზოგადად, სამართლიანობის აღდგენის შეფერხება. ფაქტია, რომ იური ვაზაგაშვილი იყო სამართლიანობისთვის მებრძოლი ერთ-ერთი აქტიური საზოგადოებრივი სახე. ვიღაცებს არ მოსწონდათ ამ მიმართულებით მისი აქტიურობა. ეს შესაძლოა, იყოს გაფრთხილება და მესიჯი ყველა იმ ადამიანის მიმართაც, ვინც დღეს სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები