დავით თევზაძე: მიყვარს ღმერთი, მიყვარს საქართველო, მიყვარხართ თქვენ

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, რომელიც ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის, ორგანიზაციის შესახებ განმარტებებს აკეთებს. როგორც დავით თევზაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ორგანიზაციის დაარსების იდეა სამშობლოსადმი სიყვარულმა განაპირობა. მისივე განცხადებით, მას შესწევს უნარი რომ ახალ საზოგოდოებრივ მოძრაობას სათავეში ჩაუდგეს და ბრძოლა დაიწყოს.
„ბატონებო, პირველ რიგში მადლობა გამხნევებისთვის, თანადგომის სურვილისა და ქვეყნის სამსახურის მზაობისათის. გარწმუნებთ, გადაწყვეტილება სპონტანური და ემოციის ფონზე მიღებული არ ყოფილა. დიდხანს ვიფიქრე, შესაძლოა, იმაზე დიდხანს, ვიდრე საჭირო იყო. იმაშიც გარწმუნებთ, რომ არავისი სიძულვილი და არავისზე წყენა არ მამოძრავებს. სიყვარული კი, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, სამშობლოს სიყვარული მსხვერპლსაც მოითხოვს, თავდადებასაც და სამსახურსაც.
გარწმუნებთ, სამივე უნარი გამაჩნია და ვინაიდან ნაბიჯი გადავდგი, უკან დასახევი გზა ჩავხერგე მე თვითონ. არ დაგიმალავთ, დღესაც ვფიქრობ, რომ ყველაფერს, რაც მიკეთებია და რის გაკეთებასაც ვაპირებ და შევძლებ, რომ გავაკეთო, პედგოგობა ჯობია, როგორც პროფესია, ვინაიდან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე უფრო კეთილშობილი საქმიანობა იშვიათია. არ დაგიმალავთ იმასაც, რომ ამ ფონზე პოლიტიკა, როგორც საქმიანობა და მითუმეტეს, როგორც პროფესია არასოდეს მხიბლავდა და არც დღეს არ მხიბლავს. ამიტომაც ვფიქრობდი დიდხანს იმ ადამიანივით, რომელიც ოკეანის ნაპირას დგას და იცის, რომ თუ არ შეცურა, ნაპირს თავს ვერასოდეს დააღწევს და ასე ნაპირზე მდგომი დარჩება მუდამ. შესაძლოა, მარტო. ხოლო თუ შეცურა, სავარაუდოდ იღბალს უნდა მიენდოს, ვინაიდან საკუთარი ძალა აღარ ეყოფა მეორე ნაპირამდე. პოლიტიკა ჩემთვის ის ოკეანეა, რომლის ნაპირთან 70-იანი წლების ბოლოდან ვიდექი და ფეხიც არ დამისველებია. ერთხელ ფილოსოფოსობას “შევაფარე” თავი, მეორედ – სამხედრო სამსახურს და მესამედ პედაგოგობას. ვიცოდი, რომ ქვეყნის სამასახური იყო ეს, სუფთა სამსახური. დღეს, როდესაც ნაბიჯი უკვე გადავდგი, უკან “მოხედვას” აზრი დაეკარგა, ვინაიდან ნაპირი, სადაც მყარდ ვგრძობდი თავს, ერთბად იმდენად შორს აღმოჩნდა, რომ “დაბრუნებამ” დაკარგა აზრი . ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ რომელიმეს ჩემს თავს ვამადლი, არამედ იმიტომ, რომ ვიდრე უფრო ღრმად არ “შემიცურავს”, გულწრფელად ყოფნის უფლების ბოლო შანსს ვიყენებ და მიიღეთ როგორც აღსარება: მიყვარს ღმერთი, მიყვარს საქართველო, მიყვარხართ თქვენ. თუ ვინმეს რამე წყენა მივაყენე „წინა ცხოვრებაში”, შენდობას ვითხოვ. ბოროტებით არ მომსვლია. ბოროტებით არც მომავალში ვაპირებ სიარულს. ქვეყანას სამსახური ჭირდება, თანამოქალაქეებს მშვიდობა, ახალგაზრდებს – მომავლის რწმენა. ერთად შეგვიძლია.
P.S. როდესაც წილი ნაყარია, მეომარი სიხარულით შედის სამართლიან ომში. ცოტა პათეთიკურია, მაგრამ – სიმართლე“, – წერს დავით თევზაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები