ჭიკაიძე ვერ იქცევა განტევების ვაცად – ირმა ინაშვილი

 „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს სოციალური ქსელიდან ეხმაურება. ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას ვეხმაურები. ვაზაგაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებელია მთელი ხელისუფლება და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი. ხელისუფლების ყოვლად გაუმართლებელმა პოლიტიკამ, კოჰაბიტაციის პროექტმა, თანამდებობებზე ზონდერების დაწინაურებამ, გახმაურებული საქმეების თაროზე შემოდებამ, სერიოზული მოწმეების გაწირვამ და არ დაცვამ წაახალისა ტერორიზმი, წაახალისა ძალადობა, რომლის მსხვერპლიც დღეს იური ვაზაგაშვილია და ხვალ ვინ იქნება, კაცმა არ იცის.
ჭიკაიძე ვერ იქცევა განტევების ვაცად. ვიმეორებ: პასუხისმგებლობას ინაწილებს მთელი ხელისუფლება და მაშინ მთავრობაც გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევენები, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სამუდამოდ განიდევნოს საქართველოს პარლამენტიდან. ხელისუფლების 2-წლიანმა ჟღურტულმა ნაცისტებთან მიგვიყვანა ყარაფილას სასაფლაომდე. ვაღიაროთ, რომ დღეს საზოგადოება დაშინებულია. 2012 წლის ოქტომბერში მოპოვებული თავისუფლება, სილაღე, სიხარულის განცდა სამარცხვინოდ დამარხეს. ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მისთვის სამართალი უკვე აღარასდროს აღდგება… რომ წართმეულ ქონებას მას აღარავინ დაუბრუნებს… რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას წლები დასჭირდება… ამას მიაღწია ხელისუფლებამ და კიდევ ამ საერთო ნიჰილიზმს ის დაემატა, რომ ქალაქში… ქვეყანაში შიში გაჩნდა. შიში იმისა, ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?“,  – ნათქვამია „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივნის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები