ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოში მოიწვია

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოში მოიწვია. როგორც მხარეებმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, მაღალი დონის პოლიტიკური პარტნიორობა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს, აუცილებლად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, შესაბამისად, მეტი ყურადღება დაეთმობა ინვესტიციებსა და სავაჭრო ურთიერთობებს.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ ბიზნესმენებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე ესაუბრა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველო, ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს გარდა, ბიზნესმენებს სთავაზობს: რეგიონში საუკეთესო საჯარო სერვისებს, მარტივ საგადასახადო სისტემას და სწრაფად განვითარებად ინფრასტრუქტურას, საკუთრების და საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, თავისუფალ სასამართლო სისტემაზე თავისუფალ წვდომას, ეფექტურ ფინანსურ სისტემას, გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემოს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ბაზარზე თავისუფალი და გამჭირვალე კონკურენციის უზრუნველსაყოფად ხორციელდება.
„საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს რეგიონის ჰაბი ვაჭრობისა და ბიზნესის კეთების მიმართულებით და რეგიონული ბაზა მულტინაციონალური საწარმოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.
პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად დღეს საქართველო-ამერიკის ბიზნეს-საბჭოში საგანგებო მიღებაც გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს სახელით გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები