რა აკავშირებს დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელს გიული ალასანიასთან?

რა აკავშირებს დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელს გიული ალასანიასთან? – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირის“ ხელმძღვანელთან თამარ იოვაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
იოვაშვილის განცხადებით, დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა სტურუაა, რომლის დედაც გიული ალასანიას დაქალია.
მისი თქმით, ამ ქალბატონის დედა გიული ალასანიას დაქალია. დეპარტამენტში „ნაციონალების“ ბუდეა. „ყველა ნაცმაცუნა არის დასაქმებული, ყოფილი ნაცკოორდინატორები არიან Worknet- ში, იხარჯება ათასობით ლარი, მაგრამ რეალური დახმარება უმუშევრებისთვის არ ხდება“.
„დავიწყოთ იმით, რომ თეას არანაირი კვალიფიკაცია დასაქმების საკითხებში არ გააჩნია, აქვს ექიმის დიპლომი, გარდა ამისა, ეს ქალბატონი, როგორც ყველა „ნაციონალი“, კარგად დატრენინგებულია და არც ლაპარაკი ეშლება. ჯერ კიდევ 2012 წელს მივმართე წერილობით ვებგვერდზე და მერეც არაერთხელ შევახსენე, რომ მივიღებდი მონაწილეობას კონკურსში. მაგრამ ყველაზე საინტერესო პროცესები დაიწყო აქ. გავიდა დრო და არანაირი ინფორმაცია არ იცვლებოდა ვებგვერდზე და უცებ 2014 წლის დასაწყისში გაჩნდა ახალი ბმული: Worknet.gov.ge. ეს არის სამსახურის მაძიებელთათვის რეგისტრაციის ელექტრონული ვებგვერდი. დავრეგისტრირდი, მივუთითე ჩემი განათლება და კვალიფიკაცია.
2 თვეში მომივიდა დამლაგებლის ვაკანსია. გაოცებულმა დავრეკე მითითებულ ტელეფონზე, ვუთხარი მათ ჩემი ვინაობა და მერე ვესტუმრე ქალბატონ თეას. გავვოცდი. შექმნილია სტრუქტურა, ოფისი, შექმნილია 5 დასაქმების ცენტრი თბილისის მასშტაბით, აყვანილია ხალხი, რომლებსაც უკვე ხელფასები აქვთ და მუშაობენ. ვეკითხები, საიდან გაქვთ ეს ყველაფერი-მეთქი? სააგენტოს კადრები არიანო. ანუ ზუსტად ის ხალხი აიყვანეს სამსახურში, რომლებიც სამსახურის მსურველთა რეგისტრაციას ახდენდნენ და ახლა რას აკეთებენ? თავად ვარ დარეგისტრირებული, ჩემი ოჯახისა და ორგანიზაციის უამრავი წევრი, მაგრამ არც ერთი რეალური დასაქმება ან თუნდაც შემოთავაზება არ მომხდარა“, – აცხადებს იოვაშვილი.
„ალია“ კომენტარისთვის თეა სტურუას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დედამისი დარეჯან კუხიანიძე 70 წლისაა და ქალბატონ გიული ალასანიასთან უკვე 30 წელია მეგობრობს. „გაკვირვებული ვარ იმ ფაქტით, რომ თურმე ამის გამო ამიყვანეს სამსახურში 2013 წლის 12 სექტემბერს, მაშინ როდესაც ამ სააგენტოში ვმუშაობდი ადრეც და თუ ამას მნიშვნელობა აქვს, სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში, 2008 წლის ივლისში, საკუთარი ნებით, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობის გამო, დავტოვე სამსახური. 2004 წლიდან ჯერ სამინისტროში ვხელმძღვანელობდი დასაქმების პროგრამების სამმართველოს, ხოლო 2005 წლიდან „დასაქმების კანონის“ გაუქმებამდე (2006 წლის გაზაფხული) სააგენტოში ვახორციელებდი დასაქმების სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირებასა და კოორდინაციას“, – აცხადებს სტურუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები