საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბუნდესტაგის დეპუტატს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრს ქრისტოფ ბერგნერს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიგი გიგიაძემ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები დადებითად შეაფასა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასევე, გიგიაძემ გერმანელ პარლამენტარს ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და გააცნო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები, ქართული მხარის ხედვა რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკასთან მიმართებით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობისა და, კერძოდ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს და მთლიანად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს უსაფრთხოება და სტაბილურობა კვლავინდებურად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
ქრისტოფ ბერგნერმა გერმანიის, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ ბუნდესტაგი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დაასრულებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას.
ამის გარდა, შეხვედრაზე ყურადღება გერმანიის პარლამენტის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების საკითხს დაეთმო. ბერგნერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები საქართველოში სწორი დინამიკით ხორციელდება და პროცესი არ უნდა შენელდეს.
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი ქრისტოფ ბერგნერი 22-დან 23 იანვრის ჩათვლით სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში და როგორც გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების ინიციატორი, შეხვედრებს მართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები