გიორგი ალიბეგაშვილი მოქალაქეებს ოთხშაბათობით მიიღებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მოქალაქეებს ამჯერად ყოველ ოთხშაბათს 09:00-13:00 საათამდე მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ დრომდე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე მოქალაქეებს ხვდებოდა, როგორც საკრებულოში, ასევე მაჟორიტარების ბიუროებში. დღეიდან კი გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით, მოქალაქეების მიღების დღედ ოთხშაბათი გამოცხადდა და ამ ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს 35-მდე მოქალაქე მიიღო და მათ პრობლემებს გაეცნო. ,, დღეს მოსახლეობამ მრავალფეროვანი მოთხოვნებით მომმართა. არიან დაზარალებულები, რომლებმაც საცხოვრებელი ფართი დაკარგეს, საკუთარი პრობლემები გამაცნეს სოციალურად დაუცველმა პირებმაც, ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინდივიდუალური ნიჭის წარმოჩენას ითხოვენ. დედაქალაქის თავისებურებიდან გამომდინარე უნდა ველოდოთ ასეთ მრავალფეროვნებას. ჩვენი ვალია დეტალურად განვიხილოთ თითოეული განცხადება და მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა ადამიანს“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან მიღებაზე ჩაწერის მსურველებმა უნდა მიმართონ თავმჯდომარის სამდივნოს შემდეგ ნომერზე: .292 04 86”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები