„2014 წელს საქართველო 5-6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება“

  მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2014 წელს საქართველო 5-6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის შეხვედრისას გახმაურდა. აშშ-ში ვიზიტისას მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს ჯიმ იონგ კიმს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის შეფასებით, მომდევნო წლების ეკონომიკური პროგნოზებიც განსაკუთრებით ოპტიმისტურია. საქართველოს მთავრობის მეთაურმა 2014 წელს საქართველოსთვის გადამწყვეტი უწოდა, ვინაიდან აგვისტოში ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას ელოდება. პრემიერის განმარტებით, ეს გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების სფეროშიც. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯიმ იონგ კიმთან შეხვედრისას მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს უდიდესი პარტნიორია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას მსოფლიო ბანკთან მუდმივი დისკუსია და იდეების ურთიერთგაცვლა აქვს, რაც ყოველთვის სასარგებლოა. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები