დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები ისრაელში გამოიფინება
როგორც „ისრაელის სახლში“ ამბობენ, საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის Homo Georgicus-ის ნაშთები ისრაელის ზემო გალილეის პრეისტორიის მუზეუმში დღეს გამოიფინება.
„ისრაელის სახლის“ ინფორმაციით, დაახლოებით 1,8 მილიონი წლით დათარიღებული ქალისა და მამაკაცის – ზეზვასა და მზიას თავის ქალების ასლების გამოფენა გალილეის მუზეუმში, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის, ისრაელის სახლისა (თბილისი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაც აღნიშნულ მუზეუმში „ისრაელის სახლის“ (თბილისი) დამფუძნებლის, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს მიერ გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.
იციკ მოშეს თქმით, ზემო გალილეის მუზეუმში დმანისელი ადამიანის – უძველესი ჰომინიდების თავის ქალების გამოფენის გახსნას ისრაელის ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„ზემო გალილეის პრეისტორიულ მუზეუმში დაცულია უძველესი არქეოლოგიური საგანძური, რომელიც მოიცავს ისრაელში აღმოჩენილ 40.000 ერთეულ პრეისტორიულ ნივთს – ჩონჩხებს, თავის ქალებს, ქვის იარაღებს. ეს ექსპონატები, მეცნიერთა მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე უძველესი ადამიანის საცხოვრისის არსებობას ადასტურებს. გალილეის მუზეუმს ყოველდღიურად უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. მათ შორის არიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები. საქართველოდან უძველესი ადამიანის თავის ქალების გამოფენა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის პოპულარიზაციის საქმეში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვას“, – ამბობს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი.
„ისრაელის სახლის“ ინფორმაციით, Homo Georgicus-ის გამოფენა ისრაელში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ 2015 წელს ორგანიზებული პირველი ღონისძიებაა.
იციკ მოშეს თქმით, ეს ბიზნესპალატისა და ისრაელის სახლის მიერ არსებული ურთიერთობების ახლებური ხედვაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოებრივი კავშირების გაღრმავებას ემსახურება.
„ისრაელის სახლის“ განცხადებით, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე ზემო გალილეის პრეისტორიული მუზეუმის მეგობართა საბჭოს თავმჯდომარედ არის არჩეული.