„ვიმედოვნებ, დამნაშავე პირები, კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად დაისჯებიან“

სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, თუკი ის პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, მართლმსაჯულებას გადაურჩებიან – ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს.
„ეს თუ სიმართლეა, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას, თუკი ის პირები, რომლებმაც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს, გადაურჩებიან მართლმსაჯულებას. როდესაც წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობდით, ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას. ასეთ ტრაგედიებს საქართველოში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა კახიშვილმა.
კახიშვილი იმედოვნებს, რომ საქმე უახლოეს ვადებში გაიხსნება და დამნაშავეები კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად დაისჯებიან.
“იმედს ვიტოვებ, ეს დანაშაული უმოკლეს ვადაში გაიხსნება და დამნაშავე პირები, კანონის ჩარჩოში, მაგრამ ძალიან მკაცრად დაისჯებიან, რათა ადამიანებს ჰქონდეთ გარანტია იმისა, რომ ამ ქვეყანაში სიმართლისთვის არ კვდებიან“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები