„სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იქნეს გამოძიებული”

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ალასანია აღნიშნავს, სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, იმისთვის, რათა დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ.
“მინდა მწუხარება გამოვთქვა იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის სატკივარი. წლებია საზოგადოება ელის სანაპიროზე ჩატარებული სპეცოპერაციის სამართლებრივ შეფასებას და ზურაბ ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით აღძრული საქმის გამოძიებას.
დღეს მომხდარი ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია. სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს უმძიმესი დანაშაული სწრაფად იყოს გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში იქნან მიცემული!”, – აცხადებს ალასანია.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა.
ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები