ირაკლი ფირცხალავას მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია ხელისუფლებას ვაზაგაშვილის საქმის დროულად გამოძიებას სთხოვს

ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის წევრები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი სამართალდამცველები არიან გაწევრიანებული, ხელისუფლებას მოუწოდებენ, რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში გამოიძიონ იური ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტი.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უსწრაფესად, რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში გამოიძიონ ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტი. მივმართავთ საზოგადოებას, წინასწარი შეფასებებისაგან თავი შეიკავონ და დაელოდონ გამოძიების დასრულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ორგანიზაციაში „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ გაწევრიანებულები არიან ყოფილი ხელისუფლების დროინდელი სამართალდამცველები. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებული შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავაა.
გუშინ გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ იური ვაზაგაშვილის უკანაკნელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც იური ვაზაგაშვილი შვილის მკვლელობის შესახებ და, ამასთან, ირაკლი ფირცხალავაზეც საუბრობდა.
“პროკურატურა ძველი კადრებითაა გაძეძგილი. ჩემი შვილის მკვლელები, მაგალითად, დალაქიშვილი, ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო, მირზოევი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, ცააძე, სამარღანიშვილი და სხვები ისევ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. ამ სპეცოპერაციაში ფირცხალავას, სპეცრაზმის უფროსს ნაკანს და სხვებს 3 000 ლარი აქვთ მიღებული. ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ ,,გადაგვაგდო“,- განაცხადა იური ვაზაგაშვილმა გაზეთ  „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები