ფინანსთა სამინისტროსა და ღია უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და უნივერსიტეტის რექტორმა, ნოდარ პაპუკაშვილმა მოაწერეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სასწავლო პრაქტიკასა და სტაჟირებას გაივლიან.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვისაც და, ვფიქრობ, თბილისის ღია უნივერსიტეტისთვისაც, ვინაიდან ჩვენ შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე, რაც საშუალობას მისცემს ფინანსთა სამინისტროს, რომ გამოიყენოს ის ადამიანური რესურსი, რომელიც ამ უდაოდ წარმატებულ უნივერსიტეტს აქვს. ასევე უნივერსიტეტისთვისაც მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება, ვინაიდან მის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ ფინანსთა სამინისტროში, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი და, შეძლებისდაგვარად, შემდეგ უკვე გააგრძელონ მუშაობა უწყებაში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. „მემორანდუმის გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შანსია ჩვენი სტუდენტებისთვის, რადგან ისინი შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. უნივერსიტეტის თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა სარგებლობს ასეთი პრაქტიკული მხარდაჭერით,“ – აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა, ნოდარ პაპუკაშვილმა. თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი უკვე მესამე უმაღლესი სასწავლებელია, რომელთანაც ფინანსთა სამინისტრომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ფინანსთა მინისტრი სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ნოდარ ხადურმა მათ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის “საქართველო 2020” ძირითადი მიმართულებები გააცნო.