76 აღდგენილი სახლი, ქუჩები და კიდევ ერთი უფასო სასადილო – ჩუღურეთის მაჟორიტარმა 2014 წლის სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა

დედაქალაქის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ანალიტიკურ-პორტალ ,,კვირას ’’ პრესკლუბში 2014 წელს გაწეული სამუშაოების თაობაზე ანგარიში წარმოადგინა.
საკრებულოს წევრის განცხადებით, გასული წლის მანძილზე, თბილისის მასშტაბით საკრებულომ ინფორმაციული და მატერიალური დახმარება 30 000 მოქალაქეს გაუწია. რიმა ბერაძის განცხადებით, ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად იდგა და დღემდე მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების გამაგრება-შეკეთება რჩება.
დეპუტატმა აქცენტი რაიონში შექმნილ სოციალურ ფონზეც გააკეთა. მისი თქმით, დედაქალაქის ათ რაიონს შორის ჩუღურეთი სოციალური და ეკონომიკური კუთხით ბოლო ადგილზე დგას.
„ ჩუღურეთის რაიონში მოსახლეობის 1/3 სოციალურად დაუცველია, გვყავს ასევე ბევრი მრავალშვილიანი და მარტოხელა ოჯახი. ამ რაიონში არანაირი ფაბრიკა არ არის და მთავარ ამოცანად დასაქმება რჩება. აქ ყველაზე მწვავედ დგას მიწისძვრით დაზარალებულთა პრობლემა. ფიროსმანის ქუჩის 80% დანგრეულია, უმძმიმესი მდგომარეობაა ბუხაიძისა და აბაშის ქუჩებზე. ამ ქუჩებზე იმდენად ცუდი გზა იყო, რომ არათუ მანქანით, ფეხითაც კი უჭირდა მოსახლეობას გადაადგილება. მათთან სასწრაფოც კი ვერ ახერხებდა მისვლას. მე 585 000 ლარის ფარგლებში ამ ქუჩის რეაბილიტაცია მოვახერხე. ანალოგიური მდგომარეობა იყო მნათობის ქუჩაზეც. ქუჩებთან ერთად, შევძელი ის, რომ 6 თვის განმავლობაში 76 სახლი გავამაგრე. კიდევ ერთი პრობლემაა ინფრასტრუქტურა ამ რაიონში. ჩუღურეთის მასშტაბით არსებული ყველა სპორტული მოედანი ამორტიზირებულია. რამდენიმე მათგანის აღდგენა 2-15 წლის ბიუჯეტში უკვე გაწერილია“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
ჩუღურეთის მაჟორიტარმა რაიონში არსებული უფასო სასადილოების შესახებაც ისაუბრა. როგორც დეპუტატმა განმარტა, მისი საქმიანობის პერიოდში რაიონს კიდევ ერთი უფასო სასადილო დაემატა, რომლითაც 400- მდე ბენეფიციარი სარგებლობს.
„ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით შევისწავლე ყველა უფასო სასადილოს მდგომარეობა და გავხსენი დამატებით ერთი სასადილო ჩემს რაიონში. უფასო სასადილოში, ჩუღურეთის რაიონში 2 700 კაცი იკვებებოდა და 400 თავის რიგს ელოდა. ჯამში კი, ჩუღურეთში ამ დროისთვის 5 უფასო სასადილოა“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები