„დამნაშავე ხელისუფლების დასჯას ევროპა ვერ გაგვიგებსო… უკრაინაში გაიგეს და აქ ვერა?“
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი კახი კახიშვილი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ეხმიანება და უკრაინასა და საქართველოს მდგომარეობას შორის პარალელს ავლებს. მისი თქმით, უკრაინელმა ხალხმა მხარი დაუჭირა იანუკოვიჩის ჰააგისთვის გადაცემას, საზღვარზე არ გაატარა იანუკოვიჩის მთავრობის მინისტრები და გუბერნატორები და დასავლეთი ამ პროცესებს მიესალმება. საქართველოში კი, კახიშვილის თქმით, თვეების განმავლობაში მთელი ქვეყანა ვდაობდით, როდის გასდის სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა, იანვარში თუ ოქტომბერში, შეიძლება თუ არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება, ძებნაზე და დაკავებაზე ხომ საუბარიც არ ყოფილა.
„უკრაინის ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა და შეცვალა მათთვის მიუღებელი ხელისუფლება, იანუკოვიჩის მმართველობა დასრულდა. ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო თანამეგობრობაც მიესალმა. ოპოზიციამ, რომელიც აღმოჩნდა ხელისუფლებაში, იანუკოვიჩს, კონსტიტუციით დადგენილი რეგულაციების დარღვევით უფლებამოსილება შეუწყვიტა. უკრაინის შს სამინისტრომ იანუკოვიჩის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მასზე ძებნა გამოაცხადა. პარალელურად საუბარია იანუკოვიჩის საქმის ჰააგის სასამართლოში გაგზავნასთან დაკავშირებით. ამავდროულად, საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მიეცათ რამდენიმე ქალაქის მერსა და იანუკოვიჩის მთავრობის წარმომადგენლებს. უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გადააყენა საკონსტიტუციო სასამართლოს 5 მოსამართლე, ხოლო 13 – ის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაციით მიმართა დამნიშნავ სუბიექტებს. 15 ქალაქის მერი და გუბერნატორი გადადგა. პროცესი გრძელდება. ხალხმა უარი განაცხადა იანუკოვიჩის ხელისუფლების წარმომადგენლებზე. დასავლეთი პროცესებს მიესალმება.
ყველაფერი გასაგებია, თვლიან, რომ ქვეყნის შიდა საქმეა და სამართლიანობის აღდგენის პროცესს ეყრება საფუძველი. გავავლოთ პარალელები. 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ხელისუფლება შეცვალა, მართალია უსისხლოდ, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა გაითავისა, რომ ხალხს უკვე ვერაფერი ვერ შეაჩერებს, ვერც სისხლი და ვერც რეპრესიები, ამავდროულად, 9 წლის მანძილზე ბევრი სისხლიც დაიღვარა და რეპრესიებიც განხორციელდა. ამის შემდეგ თვეების განმავლობაში მთელი ქვეყანა ვდაობდით, როდის გასდის სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა, იანვარში თუ ოქტომბერში, შეიძლება თუ არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება, ძებნაზე და დაკავებაზე ხომ საუბარიც არ ყოფილა, არც ახლაა. მიზეზი: არ შეესაბამება დემოკრატიის სტანდარტებს. სასამართლოს, პროკურატურის, შსს, ფინანსური პოლიციის, სასჯელაღსრულების, თავდაცვისა და სხვა უწყებების იმ თანამშრომლების, რომლებიც წლების მანძილზე ჩაბმული იყვნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში, სამსახურიდან დათხოვნაც კი არ შეიძლებაო, მიზეზი: არ შეესაბამება დემოკრატიის სტანდარტებს, დასავლეთი ვერ გაგვიგებსო. ზოგიერთ ქალაქში საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლების შეცვლამაც გამოიწვია კრიტიკა, მიზეზი: არ შეესაბამება დემოკრატიის სტანდარტებს. „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდის, ნებისმიერი თანამდებობის პირის მოწმის სახით დაკითხვაც კი, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღთქმულია პოლიტიკურ დევნად, მიზეზი: არ შეესაბამება დემოკრატიის სტანდარტებს. რასთან გვაქვს საქმე? დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან დასავლეთთან არაკომპეტენტურ მუშაობასთან, სამართლიანობის აღდგენის სურვილის არ არსებობასთან, თუ სხვა რამესთან?
აქვე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ნებისმიერი პირის ბრალი ნამდვილად უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, მაგრამ ჩვენთან ზოგიერთების პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის გაფიქრებაც კი ხელისუფლებისთვის მიუღებელია, საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ გაგვიგებსო. იქ გაიგო და აქ ვერა?“ – წერს კახი კახიშვილი.